მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსთავი 2-ზე ზეწოლა ხორციელდება და გვარამიას წინააღმდეგ ბრალდებები ყალბია.
"წარმოუდეგენელი რაღაცაა, როდესაც ყველაზე დიდ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დააკავეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვო ბრალდებებით. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ ტელევიზიის მფლობელებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, მფლობელებს ვერაფერი უპოვეს და ვერც უპოვიდნენ და ახლა დირექტორი დააკავეს. ასევე სრულიად ყალბი ბრალდებით. მე მინდა ისინი გავაფრთხილო, ძალიან ჩქარა და ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი მათთვის, ვინც ამას აკეთებს. საქართველოში ვერავინ დაამყარებს იმ რეჟიმს, რომელსაც ისინი ესწრაფვიან და ძალიან ახლოს არიან სახიფათო ზღვართან. ამას ვამბობ როგორც პრეზიდენტი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც აქვს ისტორიული მახსოვრობა, თუ რა ხდებოდა ბოლო ათწლეულებში. მე მოვითხოვ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას თავისუფალი ტელევიზიის დირექტორის, ასევე მთელი ამ უკანონობის აღკვეთას და პასუხისმგებლობას იმ პირებისა, ვინც ამას ჩადიან", - განაცხადა სააკაშვილმა
სააკაშვილის თქმით, ხალხმა ხმა სოციალური პირობების გაუმჯობესებას მისცა და არა პოლიციის, არმიის და ინსტიტუტების ნგრევას.
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ინსტიტუტების ნგრევა, არმიის ნგრევა, გაერთიანებული შტაბის უფროსს რომ დააკავებს თავდაცვის სამინისტროს ტუალეტთან, პოლიციის ნგრევა, როდესაც პოლიციას ეუბნებიან, რომ თურმე კრიმინალს თავი უნდა დაუხარონ, თავისუფალი პრესის ნგრევა, შენობების ნგრევა - ეს არის გზა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა არჩევნებში, ძალიან ცდება, ამ ხალხმა მხარი დაუჭირა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე პროცესები მალე დამთავრდება: "მინდა გამოვთქვა არა მხოლოდ იმედი, არამედ რწმენა, რომ ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად და ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე მათ ჰგონიათ".




