საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ივანიშვილი აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებზე: რაც მთავარია, მოხდა პირველი შეხვედრა

დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო ამბასადორში უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა. უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ქართველი ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
პრემიერმა ჟენევაში გამართულ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ისაუბრა. 
"რაც მთავარია, მოხდა პირველი შეხვედრა... ის ფაქტი, რომ ბატონი კარასინი წარდგა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ამავდროულად პრეზიდენტის წარმომადგენელი და მეორე მხრიდან გახლდათ ზურაბ აბაშიძე, როგორც პრემიერმინისტრის წარმომადგენელი, თვითონ ფაქტი - არის ძალიან საინტერესო. ასეთი შეხვედრა რომ შედგა, მე მგონი, ეს არის მთავარი და ძირითადი აზრი ამ შეხვედრისა. დამატებით ალბათ თქვენ იცით, რომ იქ ჰუმანიტარულ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებზე იყო საუბარი. რომ აღდგეს მუდმივი რეისები რუსეთსა და საქართველოს შორის. რაც მთავარია, პროცესი დაიწყო", - აღნიშნა ივანიშვილმა. 
პრემიერმა განაცხადა, რომ კარასინის და აბაშიძის შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ ორი თვის შემდეგ გაიმართება. 
"ვიმედოვნებთ,  ეს პროცესი გაგრძელდება და მოვახერხებთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. დალაგებაში იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ყველაფერი, რაც საქართველოს კანონით ეკუთვნის. ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება გამჭვირვალე, აუცილებლად ვიქნებით თანმიმდევრული და პრინციპული ჩვენს ქმედებებში რუსეთთან მიმართებაში", - განაცხადა ივანიშვილმა.  

კომენტარები