სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დავით კირვალიძე: აშშ რჩება სტრატეგიულ პარტნიორად სოფლის მეურნეობის დარგში

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ჰქონდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში და მსოფლიო ბანკში. 

კირვალიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად ჩაერთვება აგრარულ სფეროში დაგეგმილ პროექტებში, რომლებშიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 50 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებს.

"ამერიკული მხარიდან ინტერესი იყო ძალიან დიდი. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება სტრატეგიულ პარტნიორად სოფლის მეურნეობის დარგში, ძირითად დონორად და მხარდამჭერად. ჩვენი მესიჯი იყო ის, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს ყოველგვარი წინაპირობის შექმნას ინვესტორებისთვის, რათა მათ განავითარონ ბიზნესი საქართველოში, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით'', - განაცხადა კირვალიძემ.

რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, როგორც დავით კირვალიძე აცხადებს, საირიგაციო სისტემების განვითარებისათვის მსოფლიო ბანკი 30-50-მილიონიანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. 

დავით კირვალიძემ რუსული მხარის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, რუსულ მხარეს აინტერესებს, შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს ხელისუფლება ქართული ბიზნესის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას.

"მე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია, ვინმე იყო ჩამოსული რომელიმე კერძო საწარმოს შესამოწმებლად. რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება რუსული მხრიდან მზადყოფნასთან დაკავშირებით. იყო შემოთავაზება და იყო ორი კითხვა, პირველი – შეუშლის თუ არა ხელს ახალი ხელისუფლება იმ ბიზნესებს, რომლებიც გამოხატავენ რუსულ ბაზარზე დაბრუნების სურვილს და მეორე – მზად არის თუ არა ქართული მხარე, მიიღოს მაკონტროლებელი ექსპერტები რუსეთიდან. ამაზე ჩვენ გავეცით პასუხი, რომ ახალი ხელისუფლება არათუ შეუშლის ხელს, არამედ ხელს შეუწყობს ბიზნესს, ვინც გამოთქვამს რუსულ ბაზარზე დაბრუნების სურვილს", - აღნიშნა კირვალიძემ.

დავით კირვალიძე ამერიკაში სამუშაო ვიზიტით 11-15 დეკემბერს იმყოფებოდა. 

კომენტარები