სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტრო: ქვეყანაში არსებობს მარაგები, რათა უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს ქვეყანა პურით

seriouseats.com

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი  პურისა და პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს შეხვდნენ. ხანიშვილის თქმით, "ქვეყანაში არსებობს საკმარისი მარაგები, რათა უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს ქვეყანა პურით". მისი განმარტებით, თითოეული მწარმოებელი აქტიურად მუშაობს იმპორტიორებთან და აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები.

"სამომხმარებლო ბაზარი  სტაბილურად მარაგდება პურით, ასევე შეუფერხებლად მუშაობენ წისქვილები და არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით არ გვექნება“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე პურისა და პურპროდუქტების მწარმოებლებმა თქვეს, რომ  საცხობებში მუდმივად არსებობს ფქვილის 14-20 დღის მარაგი. პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, რომ ლარსის საბაჟო პუნქტზე, დიდთოვლობის გამო, გარკვეული შეფერხება იყო ხორბლისა და ფქვილის შემოტანასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემაც გადაჭრილია.

"ლარსიდან ტვირთების შემოტანა უკვე განახლდა, შესაბამისად, ხორბლისა და ფქვილის მარაგების შევსების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პურის წარმოება და მიწოდება  შეუფერხებლად განხორციელდება. დიდი წარმოებები  ფქვილის მარაგებით უზრუნველყოფილი არიან. არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ინტენსიურად ვაწვდით“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

კომენტარები