საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა და სტრასბურგის მერს რონალს რიესსაც შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და საერთო ევროპული ფასეულობები იყო. სტრასბურგის მერმა აღნიშნა, რომ ფრანგი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართულ კულტურას და, შესაბამისად, საკმაოდ დიდია ინტერესი ყველა იმ კულტურული ღონისძიებების მიმართ, რომლებსაც ამ დღეებში სტრასბურგი მასპინძლობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საახალწლო ბაზრობის დათვალიერების შემდეგ, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სტრასბურგში საქართველოს კულტურის დღეების მნიშვნელობაზე, ისაუბრა იმ ისტორიულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიულად გამართული არჩევნების შედეგად, მომავალ წელს ევროინტეგრაციის მხრივ ეძლევა.
"2013 წელი საქართველოსთვის ისტორიული იქნება, თუ მოცემულ შანსს სწორად გამოვიყენებთ, თუ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში გარკვეულ კორექტირებას მოვახდენთ. პრაქტიკულად, ყველაფერი მზად იყო და არჩევნების გამართვის მეთოდმა ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო გააძლიერა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს კვირეულის გამართვა სტრასბურგში გასულ წელს, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას დაიგეგმა. კვირეული, საახალწლო ბაზრობის გარდა, სხვა კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავს.




