კონეკტიკუტი

ამერიკა 20 წლის მკვლელის მიერ, სკოლაში ჩახოცილ ბავშვებსა და ზრდასრულებს გლოვობს

აშშ-ში, შტატ კონეკტიკუტში, 20 წლის ამერიკელმა ახალგაზრდამ, ქალაქ ნიუტაუნთან ახლოს მდებარე ”სენდი ჰუკის” საშუალო სკოლაში 25-ზე მეტი ადამიანი მოკლა და შემდეგ სავარაუდოდ თავი მოიკლა. ტრაგედია გუშინ, 14 დეკემბერს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შავ ქურთუკში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე, გაკვეთილების დაწყების წინ მიუახლოვდა სკოლის შენობას. 20 წლის ადამ ლანცა, იმავე სკოლის მასწავლებლის, ნენსი ლანცას შვილი იყო. პოლიციამ მოგვიანებით მის სახლში გვამი აღმოაჩინა, რომელიც სავარაუდოდ მკვლელის დედაა. 

ორი ათეულზე მეტი მსხვერპლიდან უმრავლესობა 5-დან 10 წლამდე ბავშვია. ლენცას ცეცხლსასროლ იარაღს სკოლის დირექტორიც ემსხვერპლა. მკვლელი დედასთან ერთად მარტო ცხოვრობდა, მისი ძმა და მამა კი - ცალკე. New Yourk Post-ის ინფორმაციით, სკოლაში სასაკლაოს მოწყობას წინ უსწრებდა დედისა და შვილის ჩხუბი. ადგილობრივი მედიის ცნობით, 20 წლის მკვლელი აუტიზმით იყო დაავადებული, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა: ”მოკლულთა უმრავლესობა ბავშვი იყო, მათ წინ ჰქონდათ მთელი ცხოვრება: დაბადების დღეები, გამოსაშვები საღამოები, ქორწილებები, საკუთარი შვილები... დაღუპულთა შორის არიან მასწავლებლები, ქალები და კაცები, რომლებმაც გადადეს ცხოვრება, იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს დახმარებოდნენ საკუთარი ოცნებების ასრულებაში.” - პრეზიდენტმა ამ წინადადების შემდეგ ცოტა ხნით შეწყვიტა საკუთარი გამოსვლა, რადგან მას ცრემლი მოერია და შემდეგ განაგრძო: ”დღეს ჩვენ ვგლოვობთ მშობლებთან ერთად, ბებიებთან და ბაბუებთან, დებთან და ძმებთან ერთად ამ პატარა ბავშვებს და ზრდასრულთა ოჯახებთან ერთად”.

ობამას გამოსვლის შემდეგ კონეკტიკუტის შტატის გუბერნატორმა, დენელ მელოიმ განაცხადა - ”დღეს კონეკტიკუტს სატანა ესტუმრა”.

 

კომენტარები