სასამართლო დავა

ჟურნალ ტაბულას სარჩელი იმედის წინააღმდეგ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

გუშინ, 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჟურნალ ტაბულას სარჩელი ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ. სასამართლომ იმედს მის საინფორმაციო გამოშვებაში (2012 წლის 9 მარტს) გასულ ვიდეოზე  ჟურნალ ტაბულას საავტორო უფლების საჯაროდ აღიარება დააკისრა.
ტაბულა ასევე ზიანის ასანაზღაურებლად ფულად კომპენსაციას (30 ათასი ლარს) ითხოვდა. სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
გუშინდელ სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადა, ამდენად შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა საფუძვლით თქვა სასამართლომ ფინანსურ სანქციაზე უარი.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 9 მარტს, ტელეკომპანია იმედის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა რეპორტაჟი, სადაც გამოყენებულია ჯეიმს აპატურაის ვიდეოინტერვიუს ფრაგმენტი, რომელიც NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჟურნალ ტაბულას ექსკლუზიურად მისცა - ისე, რომ ნახსენები არ იყო ინტერვიუს ავტორი და შეგნებულად იყო დაფარული ტაბულას ლოგო. 
ტაბულა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კომენტარები