გამოძიება

დავით საყვარელიძე დაკითხვაზე დაიბარეს

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე დაკითხვაზე დაიბარეს. მას ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი დაკითხავს.  
დავით საყვარელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ უწყების ნაცვლად მას ფინანსური პოლიციისგან SMS შეტყობინება მიუვიდა. 
საინფორმაციო სააგენტო FrontNews-ის ცნობით, საქმე 2004 წლის პერიოდს ეხება, როდესაც საყვარელიძე თბილისის მერიაში მუშაობდა და კითხვები შესაძლოა, რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხს ეხებოდეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უმცირესობის წარმომადგენლები საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ.
მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის ფაქტების შესწავლაზეა საუბარი. დავითა საყვარელიძე და სხვა მაღალჩინოსნები, მათ შორის იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, სწორედ ამ გამოძიებასთან კავშირში დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში. 2006 წელს ისინი თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის წევრები იყვნენ. 
სამინისტროს განცხადების თანახმად, "გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ფართით 43350 მ.კვ. 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ პირობა დადებული ხელშეკრულებით 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთ-ერთ შპს–ზე. აღნიშნულ საწარმოს საფასურის გადახდის გარდა, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის განაშენიანება. 2008 წლის 30 დეკემბერს, ისე, რომ აღნიშნულ შპს–ს არ ჰქონდა დაწყებული საამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიის მიერ გამოსყიდულ იქნა 17 000 000 აშშ დოლარად".

კომენტარები