მიმდინარეობს საუბარი პარლამენტის ქუთაისიდან გადატანაზე, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ქუთაისელებს რომ არ ეგონოთ და არ ეწყინოთ, ამ შენობის ადგილზე აუცილებლად ავაშენებთ საგანმანათლებლო ცენტრს, რასაც მე დავპირდი მათ და კიდევ ბევრი რამ გაკეთდება ქუთაისში. პარლამენტმა ვერაფერი დიდი შეღავათი ვერ მისცა ქუთაისელებს, რაც თეორიულადაც გამორიცხული იყო, რამდენიმე ადამიანის იქ ყოფნით ქუთაისს არ ეშველება. ქუთაისი უნდა გახდეს საგანმანათლებლო და ინდუსტრიული ცენტრი“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის მთავარი თემები, ივანიშვილისვე თქმით, კოალიციის დისციპლინის გამკაცრება და ის პრობლემები იყო, რომელზეც მაჟორიტარმა დეპუტატებმა ისაუბრეს. მათ შორის, ივანიშვილი მოსახლეობას იპოთეკური კრედიტების პრობლემის გადაჭრას ჰპირდება.




