პარლამენტში უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერმინისტრმა ბოლო პერიოდში მიმდინარე დაპატიმრებებზე ისაუბრა. მან კომენტარი ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზეც გააკეთა.
ივანიშვილის თქმით, მერაბიშვილის დაკითხვაზე შეკრებილი მხარდამჭერების მოსაგროვებლად რამდენიმე დღე დაიხარჯა:
„მე არ შევაფასებდი ამ პროცესს, ღრმად არც განმიხილავს, მე გუშინდელ კადრებს მივაქციე ყურადღება, როგორ გმირულად გამოდიოდა ბატონი მერაბიშვილი დაკითხვიდან და ვნახე, სად იყვნენ გუშინ და სად არიან დღეს. კარგი პროცესია ეს, ნორმალური პროცესია. დავინახე, რომ მხარდამჭერებიც მოაგროვა. დიდი მობილიზაცია ჰქონდათ, რამდენიმე დღე დახარჯეს, რომ ეს ხალხი მოეგროვებინათ. საინტერესო სურათია, რაც იკვეთება. გაიხსენეთ, რა იყო არჩევნებამდე, დღევანდელი სიტუაციაც ნახეთ და მგონი, რომ დიდი პროგრესია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმინისტრი ოპონენტებს რეალობაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს და სურვილს გამოთქვამს, რაც შეიძლება სწრაფად დამშვიდდეს საზოგადოება და აღდგეს „ფსიქოლოგიური ბალანსი“:
„ყველა დაპატიმრებას, ყველა დაკითხვას აძლევენ პოლიტიკურ ნიშანს და ამით გააუფასურეს ეს სიტყვაც. ნებისმიერ დაპატიმრებას და გამოძახებას, არც იციან არსი, იმ წუთში პოლიტიკურ სარჩულს უკერებენ. ამითაც საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მე კიდევ ერთჯერ მოვუწოდებ მათ, რეალობაში მოვიდნენ, რეალისტურები გახდნენ. მათ მოახერხეს რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სიცრუეში ემყოფებინათ საზოგადოება, საზოგადოებას ეს მოსწყინდა და უარი უთხრა ამ სიცრუეს. ესენი აგრძელებენ ისეთივე იდეოლოგიით ცხოვრებას. არაფერი არ გამოუვათ. მე არ მაქვს სურვილი, რაც შეიძლება მეტი ქართველი მიეცეს პასუხისგებაში, პირიქით, ჩემი დიდი სურვილია, რაც შეიძლება სწარაფად დაწყნარდეს საზოგადოება, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ეს ფსიქოლოგიური ბალანსი.
მე რამდენჯერმე მოვუწოდე მათ და ისინი ისევ ატრიალებენ, შიში მაქვს, ისევ დაატრიალებენ -თუმცა მე ამის არ მეშინია. მათ მიუბრუნდებათ ეს ყველაფერი. რეალობაში დაბრუნდნენ. საქართველოს მოსახლეობა არ არის ისეთი ბრიყვი, როგორიც მათ გონიათ. ყველა ყველაფერს გებულობს. ევროპაშიც დაიწყეს გაცნობიერება, ამერიკელებმაც გაიგეს, რა იყო რეალობაში და რა იქნება მომავალში, შესაბამისად, მე მოვუწოდებდი ჩვენს ოპონენტებს, უფრო რეალისტურები და კონსტრუქციულები გახდნენ, გაიხედონ წინ, ერთ დღეზე ნუ თვლიან ყველაფერს და მათ გაუმარტივდებათ და გაუმარტივდება ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი.




