შსს

ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს დღეს კიდევ ერთხელ დაკითხავენ. მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზეა დაბარებული. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერის განმეორებით დაკითხვა მის მიერ საქართველოს საზღვრის ყალბი დოკუმენტაციით გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდება.
ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილმა ჩვენება 1-ელ დეკემბერს უკვე მისცა, თუმცა შსს-ს ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმა გამოძიებასთან ფაქტობრივად არ ითანამშრომლა, რის გამოც მისი ხელმეორედ დაკითხვა მიიჩნია საჭიროდ.

შსს-ს ინფორმაციით, 2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერმინისტრი ივანე მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერევანში გასამგზავრებლად. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინეს ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა  აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით. 
 
აღნიშნულ საკითხზე, მერაბიშვილის გარდა, შსს-ში კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის პრეზიდენტის პროტოკოლის უფროსიც დაიკითხა.

კომენტარები