"საქართველო უკან, რუსეთის გავლენისკენ აღარ დაბრუნდება, რადგან ხალხმა უკვე გაუგო გემო წარმატებას, დემოკრატიას, ხელისუფლების ცვლის დემოკრატიულ პროცესს და ეს არის ის, რასაც ევროპული საწყისი ჰქვია. ამ განვითარებაზე ხალხი უარს აღარ იტყვის. ჩვენი პოლიტიკაა გრძელვადიანი განვითარება, მშვიდობა და შესაძლებლობები რეგიონის თითოეული მკვიდრისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წმ. გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების 70 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო.
სააკაშვილმა საქართველოს მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის უცვლელია ის მისწრაფებები, რომელთა ერთგულიც გრიგოლ ფერაძე იყო - მშვიდობა და რეგიონის თავისუფლება. მისი თქმით, გრიგოლ ფერაძე დღესაც წარმოადგენს თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს და საქართველოც მის გზას უნდა გაჰყვეს.
პრეზიდენტმა ერთიანი კავკასიის იდეაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთიანი კავკასია უნდა გახდეს მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლო.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც უკვე შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის.




