არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები: მრჩეველთა საბჭომ მე-9 არხის პოლიტიკური დამოუკიდებლობა ვერ უზრუნველყო

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამმეცხრე არხის პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და მის მომავალთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ, რომელიც წინასაარჩევნოდ შეიქმნა, ვერ უზრუნველყო არხის პოლიტიკური დამოუკიდებლობა. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა უნდა განიხილოს პოლიტიკასა და კუთვნილ მედიასაშუალებებს შორის გამყოფი ზოლის შექმნის მოდელები - მათ შორის, კომპანიის გასხვისების ან შემოწირულობის განხორციელების, რომელსაც დამოუკიდებელი გუნდი გაუწევს მენეჯმენტს. 

"ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია მედიასაშუალებების პოლიტიკისგან დამოუკიდებლად არსებობის აუცილებლობაზე. საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსების თუ მათთან ასოცირებული პირების მიერ არ უნდა ხდებოდეს მედიის საქმიანობაში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევა. ტელეკომპანია მეცხრე არხის რეორგანიზაციისა და სხვა ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მეცხრე არხმა უნდა უზრუნველყოს ტელევიზიის ფინანსური შემოსავლების საჯაროობა. არხზე მომუშავე ჟურნალისტების უფლებები და სარედაქციო დამოუკიდებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული", - ნათქვამია განცხადებაში. 

მეცხრე არხმა მაუწყებლობა 2012 წლის აპრილში დაიწყო, ის პრემიერმინისტრ ივანიშვილის მეუღლის ეკა ხვედელიძისა (80%) და დისშვილის კახა კობიაშვილიას (20%) საკუთრებაა.  ტელეკომპანია რამდენიმე თვეში შეიქმნა და მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტებით დაკომპლექტდა, მაშინ როცა მისი სარეკლამო შემოსავალმა მხოლოდ 177, 365 ლარი შეადგინა. 

წინასაარჩევნოდ არხის ხელმძღვანელობამ განაცხადა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ, რომელშიც ლარი კინგი, ლეს გელბი, ლი ჰამილტონი, რობერტ მენარდი და გიორგი მარგველაშვილი გაწევრიანდნენ. 

არჩევნების შემდეგ პრემიერმა ივანიშვილმა არხის გასხვისებასთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გააკეთა. ტელეკომპანია დატოვა გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ. ახალ ხელმძღვანელად მფლობელებმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მეუღლე, ლუბა ელიაშვილი დანიშნეს. 

 

 

კომენტარები