რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

სერგეი ლავროვი: ასეთი რიტორიკა არ შეესაბამება წინაპირობების გარეშე ურთიერთობების განახლებას

გუშინ, 4 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში, NATO-რუსეთის საბჭოს თათბირის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების რიტორიკა, არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განახლების სურვილს. 
„ჩვენი ქართველი მეზობლები აცხადებენ, რომ მათ სურთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, მაგრამ ამავე დროს განიხილავენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებს. ასეთი რიტორიკა, მაინცდამაინც არ შეესაბამება წინაპირობების გარეშე ურთიერთობების განახლებას. ჩვენ პრაქტიკული კუთხით, ხალხთა შორის პრაქტიკული ურთიერთობის კუთხით გართულებებს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვმა რუსეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ და კულტურულ კავშირზეც ისაუბრა. „კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები რუსეთ-საქართველოს შორის არც არასოდეს გაწყვეტილა. გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობები პრეზიდენტ სააკაშვილის ავანტიურის გამო, როდესაც იგი სამხრეთ ოსეთს დაესხა თავს. კონფლიქტის შემდეგ უკვე აღდგა ჩარტერული კავშირები რუსეთისა და საქართველოს რამდენიმე ქალაქს შორის. თეატრები რეგულარულად დგამენ სპექტაკლებს ქართველი მსახიობების მონაწილეობით. ასევე, იდგმება სპექტაკლები ქართველი რეჟისორების მიერ. ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ მათ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება ყველა ქვეყანასთან. ამის შესახებ მათ რამდენჯერმე განაცხადეს ოფიციალურად. ამიტომ ჩვენ გვსურს გავიგოთ, თუ კონკრეტულად რის და როგორ გაკეთებას აპირებენ ისინი. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ჩვენს ქართველ მეზობლებთან ურთიერთობებზე. ქართველი ხალხი ჩვენთვის მეგობარი ხალხია“, – აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები