რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ლავროვი: თუ თბილისი სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნას შემოგვთავაზებს, ამას განვიხილავთ

РИА Новости

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, თქმით, რუსეთი  უახლოეს პერიოდში საქართველოსთან ავიამიმოსვლის საკითხის გადაჭრას იმედოვნებს. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისში არ გაღვივდეს რუსოფობიური კამპანია და ექსცესები, რომლებიც მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის დროს მოხდა. ამ ყველაფერმა, ცხადია, გვაიძულა, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავით რუსების უსაფრთხოების პრობლემაზე.

თუმცა, შემდეგ ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - თქვა სერგეი ლავროვმა. 

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის შესაძლებლობა განიხილოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი შეთავაზება თბილისის მხრიდან მოხდება. 

"მზად ვიქნებით, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები, რამდენადაც მისი მოშლის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ.

ალბათ, უნდა დაველოდოთ იმას, როცა ქართველი კოლეგები ამ საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ. სავაჭრო წარმომადგენლობები ასევე მოიცავს რაღაც ტიპის შეთანხმებების მიღწევასაც. არ ვფიქრობ, რომ ეს უეცრად დაამატებს რაიმე სახის უპირატესობას [ურთიერთობებს], მაგრამ თუკი შემოგვთავაზებენ, ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას",- თქვა ლავროვმა. 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, გადაწყვეტილებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეწყდა, რის მიზეზადაც ოკუპანტმა სახელმწიფომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია დაასახელა. 

გადაწყვეტილების შედეგად, 4 ოქტომბრის მონაცემებით, რუსულმა ავიაკომპანიებმა $20 000 000-ზე მეტი იზარალეს. 

კომენტარები