საქართველოს პარლამენტი

ლევან მამალაძემ შესაძლოა პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსი მიიღოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებული პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი განიხილავს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის საქმეს. 
ინფორმაციას ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ადასტურებს. იგი მიიჩნევს, რომ მამალაძის საქმე არაორდინარულია, საქმესთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები არსებობს და საქმეზე მსჯელობა გაგრძელდება. 
შეგახსენებთ, რომ ლევან მამალაძეს სამართალდამცველები ინტერპოლის წითელი ცირკულარის ხაზით 2004 წლიდან ეძებენ. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა ედება. 2006 წლის 31 ივლისს ქართულმა მართლმსაჯულებამ მამალაძეს თავისუფლების 17 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.
რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს - იგი მუშაობას დღეს, 30 ნოემბერს, დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ჯგუფს პარლამენტმა 2 კვირის ვადა მისცა დამატებით შესული საქმეების განსახილველად. დღესვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე დამატებით იმ პირთა ვინაობა გახდება ცნობილი, რომლებსაც პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სტატუსი მიენიჭებათ. მანამდე შესწავლილი საქმეებიდან კი პარლამენტი პოლიტპატიმრის სტატუსს 186-ს, პოლიტდევნილის კი - 22 პირს ანიჭებს.

კომენტარები