მთავარი პროკურატურა

ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება განახლდა

საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განახლდა.  26 ნოემბერს, დღის ბოლოს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ზურაბ ჟვანიას ძმა, დეპუტატი გოგლა ჟვანია იმყოფებოდა. მან გამოძიებას მის ხელთ არსებული მასალები მიაწოდა, ასევე გაეცნო პროკურატურის მასალებს.
 "ვადასტურებ, რომ ზურას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება განახლდა, პროკურატურაში ამ საკითხზე ვიყავი მისული, პროკურატურა გაეცნო იმ მასალებს, რომელიც მე გამაჩნია, მე გავეცანი პროკურატურის მასალებს და უკვე აქტიურად დავიწყებთ თანამშრომლობას", - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა.
გოგლა ჟვანიამ ისიც განაცხადა, რომ პროკურატურაში შეხვედრის დროს კონკრეტულ მაღალჩინოსნებზეც ისაუბრეს, რომლებიც საქმესთან არიან კავშირში. 
"მე არაერთხელ დამიფიქსირებია და ახლაც ვამბობ, რომ ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც, სულ ცოტა, ამ საქმის მასალებს აყალბებდნენ და ცდილობდნენ საქმის მიჩქმალვას", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

კომენტარები