მთავარი პროკურატურა

კბილაშვილი შსს მაღალჩინოსნების ბრალეულობის დეტალებზე საუბრობს

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შოთა ხიზანიშვილისა და კუდ-ის დაკავებული მაღალჩინოსნების ბრალეულობის დეტალებზე. 
მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას სახელით Youtube-ზე ატვირთული აუდიოჩანაწერები კუდ-ის მიერ ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული მასალები იყო. კბილაშვილი სპეციალურად შექმნილ კომპიუტერულ ვირუსულ პროგრამაზე საუბრობს, რომლის გამოყენებითაც კუდ-ის ხელმძღვანელობა ახორციელებდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა დ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და არასანქცირებულ მოსმენას. 
”მსგავსი უკანონო შეღწევა სხვადასხვა დროს მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში საქართველოს საზღვრებს გარეთ, ნინო ბურჯანაძის კომპიუტერში და ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში. ამ გზით კუდ-ის თანამშრომლებს უკანონოდ მოპოვებული მრავალი საუბრის ჩანაწერი დაუგროვდათ. 2012 წლის 26 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დაავალა, მოეძია სხვადასხვა სახის ფარული მასალები კოალიცია ქართული ოცნებიდან, რომელთა გამოქვეყნებაც გამოიწვევდა ხალხის უნდობლობას კოალიციის ლიდერების მიმართ”, - განმარტავს მთავარი პროკურორი
კბილაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, ბექა კვარაცხელიამ შეარჩია არასანქცირებულად მოპოვებული რამდენიმე პოლიტიკური პირის საუბარი, დისკზე გადაიტანა და აღნიშნული ინფორმაცია 2012 წლის 26 სექტემბერს შს მინისტის მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს გადასცა. 
”მეორე დილით შოთა ხიზანიშვილმა დაურეკა ბექა კვარაცხელიას და უთხრა, რომ მან ამოარჩია საჭირო საუბრები, რომელიც ბექა კვარაცხელიას უნდა განეთავსებინა Youtube-ის ვიდეოპორტალზე ისეთი სახით, თითქოს ის გავრცელებული იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას მიერ. კუდ-ის თანამშრომლებმა მომხმარებლად დაარეგისტრირეს ბესარიონ სურმავა, რომლის შემდეგაც მოხდა შოთა ხიზანიშვილის მიერ წინასწარ შერჩეული მასალების ატვირთვა. ასეთი ჩანაწერების ატვირთვა განხორციელდა შემდეგ დღეებშიც", - განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.
კბილაშვილი ბესიკ სურმავას შანტაჟის ეპიზოდზეც საუბრობს. მთავარი პროკურორის თქმით, კუდ-ის წევრები ივანიშვილის დაცვის წევრს პირადი ცხოვრების ვიდეოჩანაწერების  მეშვეობით აშანტაჟებდნენ. 
"იმის შიშით, რომ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალა არ გამოქვეყნებულიყო, ბესიკ სურმავა დათანხმდა კუდის თანამშრომლების მიერ უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო საუბრები თავისად გაესაღებინა”, - აცხადებს მთავარი პროკურორი.
მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ  ბესარიონ სურმავა კუდ-ის თანამშრომლებმა მოდულის შენობაში გადაიყვანეს, წახალისების მიზნით კი, შოთა ხიზანიშვილის დავალებით, მას ჯერ 100 ათასი დოლარი შესთავაზეს, საბოლოოდ კი 150 ათასი ევრო გადაუხადეს. ფულის გადაცემის შემდეგ სურმავა მოდულის შენობიდან აჭარაში გადაიყვანეს, სადაც მას რამდენიმე დღე აღუკვეთეს თავისუფლება.

კომენტარები