ნატო-საქართველო

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია MAP-თან დაკავშირებით ყალბი მოლოდინის შექმნას ცდილობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციას MAP-თან დაკავშირებით ყალბი მოლოდინის შექმნის იაფფასიან მცდელობაში ადანაშაულებს.
NATO-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის დასრულების შემდეგ, პეტრიაშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება NATO-ში ინტეგრაციის პროცესს ხელს არ შეუშლის.
„თუ არ ვცდები, ეს განცხადება დავით ბაქრაძემ გააკეთა. გული მწყდება იმიტომ, რომ ის წარსულ ცხოვრებაში საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი იყო და თუ ვინმეს ესმის უმცირესობიდან ის პროცესები, რომელიც NATO-სთან ურთიერთობებში მიმდინარეობს, ერთ-ერთი ყველაზე კარგად მას უნდა ესმოდეს. მე მინდა, პრინციპულად განვაცხადო ჩვენი საზოგადოების საყურადღებოდ, ტყუილად ნუ შეეცდებიან იმ ცუდი ტრადიციის გაგრძელებას, რასაც გადაჭარბებული და მცდარი მოლოდინების შექმნა ერქვა. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ნაადრევია საერთოდ რამეზე საუბარი, ვინაიდან კონსულტაციები მიმდინარეობს და ჩვენ ამ კონსულტაციებში ჩართული ვიყავით ფაქტობრივად უკვე 2 ოქტომბრიდან, როცა გაკეთდა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებდა მთავრობას. ინტენსიური კავშირები გვაქვს როგორც NATO-დან წარმოდგენილ მაღალი დონის დელეგაციებთან, ისე NATO-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. ამიტომ ეს არის სპეკულაცია და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის იაფფასიანი, მარტივი, პრიმიტიული მცდელობა იმისა, რომ შემდგომში მოლოდინი შექმნილიყო გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ამას აღარავინ აღარ „ყიდულობს“. მოსახლეობას აინტერესებს, რაც აქ აქვს შესასრულებელი საქართველოს მთავრობას“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. „იმის თქმა, რომ დაკავებები ხელს შეუშლის საქართველოს NATO-სთან ურთიერთობას, პროპაგანდის ნაწილია“, - აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში. 
შეგახსენებთ, რომ NATO-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა ახალი შემადგენლობით დღეს, 8 ნოემბერს შეიკრიბა. სხდომას პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, პრემიერმა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა ყოველწლიური პროგრამის შესრულების მიმართულებით.

კომენტარები