საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ბანკის წლევანდელ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საქართველომ მეცხრე ადგილი დაიკავა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები და მათი შემცირება წარმოუდგენელია. მისივე განმარტებით, ის ფაქტი, რომ გადასახადები დაბალია, უკვე ახალმა კოალიციამაც აღიარა.
„შევარდნაძის მთავრობის პერიოდში ჩვენ ამ მხრივ 141-ე ადგილზე ვიყავით. გატარებული რეფორმების შედეგად, გასულ წელს მე-16 ადგილზე გადავინაცვლეთ. დღევანდელი რეიტინგით კი საქართველო მე-9 ადგილზეა. ვიღაც იტყვის, რომ სააკაშვილის მთავრობა ატყუებდა ხალხს და ჩვენ ამ ტყუილის შედეგად ჩაგვწერეს სიაში მე-9 ადგილზე. რუსეთს ჩვენზე ათასჯერ მეტი ფული აქვს და მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანის მიუხედავად, ასეულშიც ვერ მოხვედრილა“. - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს არ აქვს ნავთობი და გაზი, ამიტომ ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა ბიზნესის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, კორუფციისა და დანაშაულის დაბალი დონის შენარჩუნებაა.
მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო მეცხრე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია.





