იუსტიციის სამინისტრო

თეა წულუკიანი თინა ბურჯალიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროში მოქმედი მინისტრის მოადგილეს, თინა ბურჯალიანს შეხვდა. წულუკიანის განცხადებით, იგი უწყების წარმომადგენელს რამდენიმე საკითხის შესახებ ესაუბრა.

"მივიღე დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უწყების გადაბარების პროცესი არ დააზარალებს მოქალაქეების მომსახურებას. შევთანხმდით, რომ სანამ დამტკიცდება მინისტრთა კაბინეტი, ვიქნებით მუდმივ კონტაქტზე, რომ რაც შეიძლება უპრობლემოდ მოხდეს გადმობარება. იუსტიციის სახლები და სტრუქტურები, რომლებიც გამართულად მუშაობენ, უპრობლემოდ გააგრძელებენ მოქალაქეების მომსახურებას.” - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

თეა წულუკიანის თქმით, იგი სხვადასხვა დოკუმენტის განადგურებაზე გავრცელებული ინფორმაციითაც დაინტერესდა და თინა ბურჯალიანისგან შეიტყო, რომ იუსტიციის სამინისტროში ყველა დოკუმენტი არის ელექტრონული, რომელიც არ განადგურებულა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მისივე თქმით, ბურჯალიანმა მინისტრობის კანდიდატს განუცხადა, რომ სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი უწყებიდან წასვლას თავად აპირებს.

 

კომენტარები