მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევენები იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლმა ფილიპ ლეფორიმ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანდჯეი ტიშკევიჩმა საარჩევნო პროცესი შეაფასეს. მათი შეფასებით, არჩევნები წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა დემოკრატიულ კურსს ინარჩუნებს.
ევროპელმა დიპლომატებმა საუბრისას აღნიშნეს, 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შეძლო თავისუფალი აზრის გამოხატვა და ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთგულია დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მიმართ.
ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადებით, ხმის დათვლის პროცესიც დემოკრატიულ და გამჭვირვალე ვითარებაში უნდა წარიმართოს და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუშაობა მშვიდ გარემოში უნდა შეძლოს.
ქართული მხრიდან შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე ესწრებოდა.




