არჩევნები 2012

მარტენსი: ივანიშვილის მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომის შესახებ დემოკრატიაზე თავდასხმაა

ივანიშვილის მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით პირდაპირი შეტევაა დემოკრატიაზე, განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა ვილფრედ მარტენსმა.

"საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ განამტკიცა ამ ქვეყნის დემოკრატიის მახასიათებლები.  მე მივესალმები პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას პატივი სცეს და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას შუეუწყო ხელი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ოპონენტებისგან ძალიან ბევრი დარღვევა იყო. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, როცა ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში იქნება, დემოკრატიული დებატი შედგება პარლამენტში და არა ქუჩებში. ბოლო 9 წლის განმავლობაში სააკაშვილმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - ევროპის სახალხო პარტიის წევრმა - შეძლო საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდირება და კანონის უზენაესობის დაცვა. გასაკვირი სულაც არ არის რომ ეუთომ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცა და არჩევნებზე მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონიდა. პრეზიდენტ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის დამსახურებით, საქართველო ნამდვილ დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყანად იქცა. 

"რა თქმა უნდა, ევროპის სახალხო პარტია ძალიან კარგად დააკვირდება ახალ მთავრობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება ჩამოაყალიბებს, რადგან ჯერ კიდევ დასადგენია ისინი ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს შეინარჩუნებენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას გააგრძელებენ თუ არა. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მაშინ როცა ხმების დათვლა ჯერ დასრულებული არ იყო, ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა. ეს მოთხოვნა, სრულიად მიუღებელია და დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე თავდასხმაა.  შესაბამისად, მე ველოდები, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებმაც ასე სწრაფად მიულოცეს ივანიშვილს გამარჯვება, საჯაროდ დაგმობენ მის ამ მოთხოვნა და მოთხოვნის გაუქმებას მოითხოვენ. ამასთან ერთად, მე ევროპის სახალხო პარტიის საპარლამენტო ჯგუფთან, ეუთოსა და ევროპის საბჭოსთან ერთად გავაგრძელებ აქტიურ მუშაობას, რათა დავიცვათ ქვეყნის დემოკრატიული მიღწევები. მე მოვუწოდებ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს მოიქცნენ ასევე და განსაკუთრებით კი ევროკომისიას, რომელიც საქართველოსთან ასოციაციის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს," ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები