მუზეუმები

პარიზის ლუვრს ახალი საგამოფენო სივრცე შეემატა

მსოფლიოს უდიდეს მუზეუმს, პარიზის ლუვრს ახალი პავილიონი შეემატა. რკინისა და შუშის კონსტრუქცია, რომელიც სასახლის გარეთ, ვისკონტის ეზოშია აგებული, ისლამურ ხელოვნებას დაეთმობა. პროექტის ავტორები იტალიელი არქიტექტორები მარიო ბელინი და რუდი რიჩოტი არიან. ნაგებობის გახსნა 22 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ახალი გალერეა 4 600 კვადრატული მეტრის ფართობს დაიკავებს და ეს ლუვრის ეზოში მოქცეული შუშის პირამიდის შემდეგ მუზეუმის მეორე ყველაზე მასშტაბური თანამედროვე პროექტია.

საექსპოზიციო სივრცეში, ისლამური ხელოვნების სამი ათასამდე ექსპონატი იქნება წარმოდგენილი ლუვრსა და პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში დაცული კოლექციებიდან.

პროექტის განხორციელებაში პარიზის ლუვრს ფინანსური მხარდაჭერა მაროკომ, კუვეითმა, ომანმა, აზერბაიჯანმა გამოუცხადეს, რომლებმაც ერთობლივად ასი მილიონი ევრო გაიღეს პავილიონის მშენებლობაში.

კომენტარები