Life

Guide 3-9 სექტემბერი

მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში მზე ისეთი საშიში აღარაა, როგორც ზაფხულის თვეებში, ნამზეურის მიღებისას კანის დაცვაზე ზრუნვა მაინც საჭიროა. Lancaster-მა, რომელიც მომხმარებელს მზისგან დამცავი საშუალებების დიდ და ერთ-ერთ საუკეთესო ასორტიმენტს სთავაზობს, ლამაზი რუჯის მოყვარულებისთვის ახალი ფორმულა შეიმუშავა. Satin Sheen Oil Fast Tan Optimizer SPF30 დაცვის მაღალი ფაქტორის და ახალი, ულტრაწითელი ტექნოლოგიის წყალობით, ერთდროულად იცავს კანს დამწვრობისგან, ნამზეურის აქტივატორის კომპლექსი კი რუჯის სწრაფად და თანაბრად მიღებას უზრუნველყოფს.

2) სავაჭრო ქსელში Macy’s, Impulse სერიაში უკვე ბევრი კარგი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი – კარლ ლაგერფელდთან, ალბერტა ფერეტისა და კელვინ კლაინთან კოლაბორაციის შედეგად საინტერესო ლიმიტირებული კოლექციები შეიქმნა. ამჯერად Macy’s ნიკოლ რიჩის სამოსის კოლექციას წარმოგვიდგენს. მისთვის დიზაინერის როლი ახალი არ არის – აქამდეც უთანამშრომლია სხვადასხვა ბრენდებთან. ახალი კოლექცია 70-იანების სტილშია შექმნილი – რეტრო პრინტით, ჰაეროვანი კაბებითა და ბოჰემური გლამურით... მისი დათვალიერების საშუალებას უკვე იძლევა სარეკლამო კამპანია, რომლის სახეც თავად მსახიობი გახდა.

3) მალე 50 წელი შესრულდება, რაც ლეგენდარული სუპერაგენტი ჯეიმს ბონდი ეკრანებზე გამოჩნდა. იუბილესთან დაკავშირებით, სექტემბერში გამოვა ბონდიანას ფილმების სრული კრებული, რომელიც Dr No-დან დაწყებული, ყველა სერიას გააერთიანებს, თანაც Blu-ray ხარისხში. ამასთან, კრებულში დამატებით მოხვდა 122 საათის მასალაც, მათ შორის, კადრს მიღმა სცენები ბონდის მომავალი ფილმიდან Skyfall.

4) ერთხელ ტედ გრანტმა თქვა: „როდესაც ადამიანების ფერად ფოტოს იღებთ, თქვენ იღებთ მათი სამოსის ფოტოს. როდესაც ის შავ-თეთრია, ესე იგი, მათ სულს უღებთ”. ამ ფილოსოფიას, როგორც ჩანს, Leica-ც იზიარებს – ახლახან გამოვიდა M-Monochrom, პირველი კომპაქტური კამერა შავ-თეთრი ფოტოგრაფიისთვის, რომელსაც ფერის ფილტრი არ გააჩნია. ფილტრის არარსებობის გამო ფოტოზე სინათლე კიდევ უფრო კარგად იკვეთება, რის გამოც ეს შესანიშნავი აპარატი ცუდი განათების პირობებშიც არაჩვეულებრივ ფოტოებს იღებს.

5) Gossamer ელექტროპოპ ჯგუფის – Passion Pit ახალი, რიგით მეორე სტუდიური ალბომია. როგორც Guardian-მა აღნიშნა, ჯგუფის წევრის, მაიკლ ანგელაკოსის უნარი, სინთეზატორების და კომპიუტერის მეშვეობით მუსიკაში მზის სინათლის ელვარება შეიტანოს, ამ ალბომშიც კარგად გამოვლინდა და მის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად იქცა. Slant Magazine-ში პირიქით, ფიქრობენ, რომ ეს უფერული ნამუშევარია. ისღა დაგვრჩენია, ალბომს თავად მოვუსმინოთ და დასკვნები გამოვიტანოთ, მით უმეტეს, რომ ამ ენერგიულ და მხიარულ მუსიკას მხოლოდ პოზიტიური განწყობის შექმნა შეუძლია.

6) დიორის სახლში Dior Addict-ის ახალი ვერსიების შექმნა, როგორც ჩანს, ჯერაც არ მობეზრებიათ. სამაგიეროდ, ორიგინალის თაყვანისმცემლები, შესაძლოა, უკვე დაიღალნენ ლოდინით, რომ ახალ არომატებში ძველის ხასიათი კვლავ გაჩნდება. Dior Addict Eau Sensuelle თითქმის საერთოდ არ ჰგავს პირველ სუნამოს – ვარდის, ჟასმინისა და მუშკის ბუკეტი არაფრით აღსანიშნავ, ზედმეტად ორდინარულ სურნელს ტოვებს და არც დიდი მდგრადობით გამოირჩევა. უცნაურია, რომ ასეთი არომატის უკან შეიძლება ისეთი „ცხვირი” იყოს, როგორიც ფრანსუა დემაშია.

 

 

კომენტარები