სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახური პარტიების ხარჯებსა და ხარჯვის ლიმიტზე ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ფინანსური ლიმიტი ექნებათ პოლიტიკურ პარტიებს, რომელზე მეტსაც ისინი ამ წლის მანძილზე ვერ დახარჯავენ.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი პოლიტიკურ სუბიექტებს შემოწირულობების მიღებისა და ხარჯვის ლიმიტს უწესებს. აუდიტის სამსახურის ცნობით, პარტიებს არ უწესდებათ ლიმიტი შემოსავლის საერთო მოცულობაზე, თუმცა დადგენილია ხარჯვის ლიმიტი. კანონისვე მიხედვით, წლის მანძილზე პოლიტიკური სუბიექტის მიერ დახარჯული თანხა არ უნდა აღმატებოდეს ქვეყნის წინა წლის მშპ-ს 0.2%-ს. 2012 წლისთვის წლიური ხარჯვის ლიმიტი 48,458,298 ლარია.

ამ ჯერზე პოლიტიკური პარტიების ხარჯების ათვლა 2012 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო - როდესაც ძალაში შევიდა საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ლიმიტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონიტორინგი დაიწყო.

სახელმწიფო აუდიტმა 21 აგვისტოს მიღებული საარჩევნო პერიოდის ფინანსური დეკლარაციების ანალიზის შედეგად, ყველაზე მაღალი საერთო შემოსავლის მქონე სამი პოლიტიკური სუბიექტი გამოავლინა. ესენია: 1. კოალიცია ქართული ოცნება - 50,725,534 ლარი; 2. ნაციონალური მოძრაობა – 21,402,789 ლარი და 3. ქრისტიან-დემოკრატები - 1,361,135 ლარი.

რაც შეეხება ხარჯებს, როგორც კანონიერს, ასევე უკანონოს, 21 აგვისტოს მონაცემებით, ქართული ოცნების ხარჯია 34,725,275 ლარი, ნაციონალური მოძრაობის - 14,637,598 ლარი, ხოლო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის - 786,317 ლარი.

ამრიგად, კანონით დადგენილი ხარჯვის ლიმიტის მისაღწევად ყველაზე ნაკლები ქართულ ოცნებას დარჩა, შემდეგ ნაციონალურ მოძრაობასა და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას.

ორგანული კანონის მიხედვით, ლიმიტის გადაჭარბება გამოიწვევს გადაჭარბებული თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებას. ლიმიტთან მიახლოებულ პოლიტიკურ სუბიექტს აუდიტის სამსახური წერილობით შეატყობინებს ამის შესახებ.

 

კომენტარები