ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: დებატებზე უარი არ მითქვამს, კეთილი ინებონ და ნამდვილი დებატები გააკეთონ

დებატებზე უარი არ მითქვამს, კეთილი ინებონ და რეალური დებატები გააკეთონ. იმ ფორმით, როგორც ეს კეთდება, აბსურდია. ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის მიერ თელავში გამართული აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, ის მოითხოვს, რომ გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, სხვა არხებისთვისაც გახსნან ეთერი და ნამდვილი დებატები გააკეთონ.

„კეთილი ინებონ და რეალური დებატები გამართონ და მოსახლეობას მისცენ შესაძლებლობა, ნახონ კანდიდატები და შეაფასონ, რომელზე გააკეთონ არჩევანი. საპარლამენტო არჩევნებია და რა შუაში არიან პრემიერ–მინისტრები. ერთი მხრივ არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია ქართული ოცნება და მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობა. კეთილი ინებონ და ლიდერები გამოიყვანონ." – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების ლიდერმა რუსეთში ქონების გაყიდვაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მან ძალიან იაფად გაყიდა ყველაფერი და ამხელა ქონების გაყიდვას ნამდვილად სჭირდებოდა 1 წელი და 6 თვე.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინ, 9 სექტემბერს გამართულ დებატებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები, ვანო მერაბიშვილი, გიორგი თარგამაძე და შალვა ნათელაშვილი მონაწილეობდნენ. ბიძინა ივანიშვილმა დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

 

კომენტარები