ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
მისიის შეფასებით, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ქართული ოცნების ქმედებები საზოგადოებაში არჩევნების მიმართ ნდობას ამცირებს.
,,ორ უდიდეს საარჩევნო სუბიექტს შორის პოლარიზაცია იზრდება იმ რიტორიკის შედეგად, რომელშიც ოპონენტები ერთმანეთს ერთის მხრივ, საქართველოს სუვერენიტეტისთვის და მეორეს მხრივ, დემოკრატიულობისთვის ფუნდამენტურ საფრთხედ წარმოაჩენენ. ეს რიტორიკა ამძაფრებს საარჩევნო გარემოს მიმართ უნდობლობას და განპირობებულია როგორც მმართველი პარტიის, ისე ქართული ოცნების ქმედებებით, რაც, თავის მხრივ, ქმნის მცდარ წარმოდგენებს და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს."-ნათქვამია ანგარიშში.
NDI მიიჩნევს, რომ მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა სამართლიანი საარჩევნო კანონები მიიღოს, ხოლო ოპოზიცია ვალდებულია ამ კანონებს დაემორჩილოს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ორ მთავარ ოპონენტს შორის პოლარიზაცია იზრდება. ხოლო ხელისუფლების მხრიდან ჩარევის მაგალითები, ხშირად დაუსაბუთებელ ბრალდებებშიც გადადის.
,,პოლიტიკურ გარემოს გამუდმებით ახასიათებენ როგორც პოლარიზებულს, სადაც ძირითადი კონკურენცია ორ უდიდეს და უმდიდრეს საარჩევნო მეტოქეს შორის მიმდინარეობს: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც აღიქმება, რომ მნიშვნელოვანი სამთავრობო რესურსით სარგებლობს და ქართული ოცნება, რომლის უკანაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას. შედარებით პატარა პარტიები აღნიშნავენ, რომ პოლარიზება და მათსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის რესურსებში შეუსაბამობა მათთვის მცირე სივრცეს ტოვებს საარჩევნო კამპანიის ორგანიზებისთვის.’’-ნათქვამია ანგარიშში. ამავე კონტექსტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩარევის მაგალითები, ხშირად ,,დაუსაბუთებელ ბრალდებებშიც გადადის.’’
,,ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან ჩარევის მაგალითები ფართოდ გავრცელებული გადაცდომების შესახებ დაუსაბუთებელ ბრალდებებში გადადის, რთულია განასხვავო, მოყვანილი მაგალითები მიმდინარე საარჩევნო ციკლიდან არის თუ წარსულის გამოცდილებას ემყარება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჭორები და დაუსაბუთებელი ბრალდებები კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტირების მიზნით კამპანიის ხერხებად გამოიყენება.’’- აღნიშნულია NDI-ის გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში.
შუალედური ანგარიში შეეხო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობასაც. მისიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ ზოგიერთ ბრალდებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად აფასებს, თუ რა დროს ანდომებს ეს უწყება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ბრალდებებზე რეაგირებას. NDI მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზუსტი წარმოდგენა, იმის შესახებ თუ ,,სად გადის ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის''.
..არსებობს გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა წარმოადგენს კანონის დარღვევას და რა არის სამთავრობო რესურსის კანონიერი ხარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ბრალდება კამპანიის ღონისძიებების ჩასატარებლად სამთავრობო რესურსების– შენობების, ტელეფონებისა თუ მანქანების გამოყენების შესახებ, ოპოზიციური პარტიები ასევე კრიტიკულად უდგებიან ბოლო წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებში მთავრობის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს და ახალი გზებისა და ხიდების მშენებლობას, განვითარებას და გაზრდილ საპენსიო პროგრამებს ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების მაგალითად აღწერენ. ისინი ამ პროგრამებს მიიჩნევენ სახელმწიფოს მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად.”-ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს, მისიის შეფასებით რჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ,,კანონის შერჩევითი აღსრულება''.
,,მიუხედავად ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხრიდან გავლებული პარალელებისა – ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონის დარღვევის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება კანონის შერჩევითი აღსრულება, ხოლო დაკისრებული ჯარიმები არ არის პროპორციული.”-აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ნახსენებია კარალეთისა და მერეთის ინციდენტები და ნათქვამია, რომ კოალიცია ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალაში ჩანს ძალადობის ფაქტი, თუმცა ამ ვიდეოს მეშვეობით ცხადი არ ხდება, ვინ იყო ძალადობის ინიციატორი. მათივე თქმით, კოალიციის ორმა აქციამ ბათუმსა და რუსთავში ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტები კვლავ გრძელდება.
NDI-ის გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ გარემოზე დამკვირვებელი სამი ანალიტიკოსისგან შედგება. ანგარიში 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.
მისიის წევრებმა 24 ოლქი მოინახულეს და 120-ზე მეტი შეხვედრა გამართეს მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, ასევე პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.





