აშშ საგარეო პოლიტიკა

კლინტონი დემოკრატიული პარტიის ყრილობას არ დაესწრება

ჰილარი კლინტონი
REUTERS
ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს სტატიას სათაურით „კლინტონი ფიზიკურად მაქსიმალურად შორს იქნება შარლოტიდან“, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანი დემოკრატთა ყრილობაში მონაწილეობის ნაცვლად კუკის კუნძულებზე, ინდონეზიაში, ჩინეთში, ტიმორში, ბრუნეასა და რუსეთში იმოგზაურებს.
ეს შარლოტა არაა, მაგრამ უფრო დიდი შეხვედრაა – ნათქვამი სტატიაში.  კუკის კუნძულები  წელს წყნარი ოკეანის ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი, ყოველწლიურად იკრიბება და იგი თითქმის უკვე ნახევარი საუკუნეა რაც არსებობს. 2011 წელს აშშ–ს ადმინისტრაციამ 17 სხვადასხვა ფედერალური სააგენტოს 50 მაღალჩინოსანი გააგზავნა ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით Foreign Policy იუწყება, რომ კუკის კუნძულებზე კლინტონი ავსტრალიის პრემიერ–მინისტრს იულია გილარდს და ახალი ზელანდიის პრემიერს ჯონ კეის შეხვდება. 
ინდონეზიაში, კლინტონი პრეზიდენტ სუსილო ბამბანგ იოდჰოიონოს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. სახელმწიფო მდივნისგან ელიან, რომ იგი შეეცდება ინდონეზია დაარწმუნოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ასეანი) უფრო მჭიდროდ თანამშრომლობაში, რათა მოხერხდეს სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის შეჯერება. ეს დაეხმარება ასეანის ქვეყნებს ჩინეთთან დიპლომატიურ კონფრონტაციაში საერთო პოზიცია ჰქონდეთ. 
სახელმწიფო მდივნის შემდეგი მიმართულება პეკინი იქნება, სადაც იგი პრეზიდენტს ჰუ ძინტაოს შეხვდება. ასევე დაგეგმილია ჩინეთის საგარეო უწყებაში ინტენსიური მოლაპარაკებები. განსახილველ თემებს შორის იქნება სამხრეთ ჩინეთის ზღვის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, სირიისა და ავღანეთის საკითხები. 
პეკინის შემდეგ ჰილარი კლინტონი ტიმორში ყავის პლანტაციებს მოინახულებს, მოგვიანებით კი  ბრუნეიში გაემგზავრება, სადაც 2013 წელს აღმოსავლეთ აზიის სამიტი გაიმართება.     
სახელმწიფო მდივანი აზიურ ტურნეს ვლადივოსტოკში დაასრულებს. იგი აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაეწყრება.  

კომენტარები