მოდა

ვალენტინოს რეტროსპექტული გამოფენა Somerset House-ში

ნოემბერში ლონდონი ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ვალენტინო გარავანის გამოფენას Valentino: Master of Couture-ს უმასპინძლებს. Somerset House-ში ვალენტინოს 130-ზე მეტი ექსპონატი იქნება წარმოდგენილი, რაც ერთგვარ რეტროსპექტულ დატვირთვას ატარებს - გამოფენა გარავანის მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის იუბილეს ეძღვნება.

ექსპოზიცია სამოც მეტრიან პოდიუმზე გაიშლება. აქ წარმოდგენილი იქნება ვალენტინოს შექმნილი ლეგენდარული კაბები. ერთ-ერთი მათგანი ჯეკი კენედის საქორწინო კაბაა, რომელიც მას 1968 წელს ეცვა, როდესაც ცოლად გაჰყვა არისტოტელე ონასისს. გამოფენა წარმოგვიდგენს ასევე შავ კაბას, რომელიც ჯულია რობერტსს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ეცვა, როდესაც ოსკარი მიიღო `ერინ ბროკოვიჩისთვის’. გამოფენილი იქნება წითელი შიფონის კაბა, რომლითაც ნატალია ვოდიანოვა The White Fairy Tale Ball-ზე გამოჩნდა. ექსპოზიციაზე ნაჩვენები იქნება ასევე გრეის კელისთვის, სოფი ლორენის, გვინეტ პელტროუს და სხვა ცნობილი ადამიანებისთვის შექმნილი კაბები...

‘ყველა ნამუშევარს განსაკუთრებული ისტორია აქვს. ატელიეში მათ გულმოდგინედ, ხელით კერავდნენ საათების, ხანდახან კი დღეების განმავლობაში. თითოეული დეტალი ზედმიწევნითაა მოფიქრებული. მიუხედავად ამისა, კაბებს შოუებისა და წვეულებების გარდა, დღის სინათლე თითქმის არ უნახავთ, ამიტომ, მათი Somerset House-ში ჩვენების შესაძლებლობა, სადაც სტუმრებს შეეძლებათ მათი დეტალურად ნახვა, უნიკალურია,’ - ამბობს გარავანი.

გამოფენა ექსკლუზიურად Somerset House-ისთვის შეიქმნა. მისი ნახვა 29 ნოემბრიდან სამ მარტამდე იქნება შესაძლებელი. 

კომენტარები