სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ვარძელაშვილი შუკვანთან კონფლიქტს უარყოფს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანთან კონფლიქტს უარყოფს.

2 აგვისტოს ბეთქილ შუკვანმა და ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ლონდონის ოლიმპიადის მსვლელობისას სპორტსმენზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. რომლის მოტივი, თითქოს, შუკვანის პოლიტიკური შეხედულებები იყო.

სააგენტო news.ge-სთან საუბრისას ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ სპორტსმენთან არანაირი კონფლიქტიო არ ჰქონია.  „მე მას ვპირდებოდი, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას, როგორც ოლიმპიურ მოთამაშეს, მაინც დავაჯილდოვებდით“, - აცხადებს ვარძელაშვილი.

მან ასევე უარყო სპორტსმენის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიადაზე მისი მარცხი უსამართლო მსაჯობამ განაპირობა, რაზეც ქართულ დელეგაციას რეაგირება არ მოუხდენია. „თამაშის დროს ტრიბუნაზე ვისხედით და ჩვენ რა უნდა გვექნა, ხმის ამოღება მხოლოდ მწვრთნელს და ექიმს შეეძლოთ. მე ტატამზე ხომ არ ავვარდებოდი. თამაში პრაქტიკულად მოგებული ჰქონდა, რადგან დამთვრებამდე 5 წამი იყო დარჩენილი, მას მხოლოდ დრო უნდა გაეყვანა. მაგრამ ბოლო წამებში იპონზე დააგდო მოწინააღმდეგემ“,- განმარტა ვარძელაშვილმა.

ასევე არ დაადასტურა ვარძელაშვილმა სპორტსმენის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა მოადგილემ შუკვანს ოლიმპიურიო სოფელში ათ ნასვამ ადამიანთან ერთად მიაკითხა.

მინისტრმა სპორტსმენი ასევე ქურდობაში დაადანაშაულა. „რადგან ასეთ განცხადებებს აკეთებს ჩვენს მიმართ, არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ ახლა ვიტყვი: გერმანიაში ვიყავით ტურნირზე და ბეთქილ შუკვანმა ერთ-ერთ სპორტსმენთან ერთად მაღაზიიდან ნივთები მოიპარა. მაგრამ, ხელი დავაფარე და არსად არ მითქვამს. მის მიმართ რომ აგრესია მქონოდა, ამას არ გავაკეთებდი “, - განაცხადა ვარძელაშვილმა.

 

კომენტარები