სასამართლო

ალია-ჰოლდინგს ცილისწამებისთვის 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალია ჰოლდინგს მსახიობ ოთარ კობერიძის სასარგებლოდ 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ გადაწყვეტილება მსახიობის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომელიც გამოცემამ პედოფილიაში დადანაშაულა.

საქმე ეხება გაზეთებში ალიასა და ქრონიკაში 2011 წლის ზაფხულში გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლებშიც ჟურნალისტმა თორნიკე ჩუბინიძემ მსახიობი ოთარ კობერიძე ბავშვების გარყვნაში ამხელდა.

როგორც სააგენტო news.ge-ს მსახიობის ადვოკატმა ვახტანგ მაჭავარიანმა განუცხადა, სტატიებში მოყვანილი იყო კონკრეტული ფაქტები და ჟურნალისტის მიერ გამოგონილი რესპოდენტები ამტკიცებდნენ, რომ ოთარ კობერიძეს პედოფილიასთან ჰქონდა შეხება.

„სტატიებში ნახსენები იყო, თითქოსდა ოთარ კობერიძე რეჟისორ კოტე ანთაძესთან ერთად პედოფილიაში პირველად 1977 წელს სასამართლომ დაადანაშაულა. საქალაქო სასამართლომ ფაქტების გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ 1977 წელს მსგავსი არაფერი მომხდარა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, „ალია ჰოლდინგმა“ მსახიობს ჩირქი სკანდალის შექმნის მიზნით მოსცხო.

„ჩემი აზრით, მიიჩნიეს, რომ კობერიძე დღევანდელი ხელისუფლების მომხრეა და ამ მეთოდით გადაუხადეს სამაგიერო,“ - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, „ალია ჰოლდინგს“ სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილების გაზეთში გამოქვეყნებაც დაავალა.

"ალია ჰოლდინგის" რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე news.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჰოლდინგი ჯარიმის გადახდის შემთხვევაში დაიხურება.  ტიკარაძე ასევე უარყოფს ბრალდებას, რომ ოთარ კობერიძის მისამართით გამოქვეყნებული ფაქტები ცილისწამება იყო.  „როგორც ჩანს ხელისუფლებამ რაღაც-რაღაცეები არ აპატია „ალიას,“ - ამბობს რედაქტორი.

 

კომენტარები