ჯანმრთელობა

ჯადოსნური აბები სხეულის სასურველი ფორმებისთვის

სილამაზის თანამედროვე სტანდარტი ადამიანებს გამუდმებით კარნახობს, რომ სიგამხდრე მათი მომხიბვლელობისა და წარმატების გარანტიაა. რა თქმა უნდა, მსგავს სტანდარტზე თვალის დახუჭვაც შეიძლება და მისი გამიზნულად იგნორირებაც, თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არაა: ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მედიკოსებიც მოგვიწოდებენ – ბუნებრივია, სამედიცინო მოსაზრებებით.

მოდური, არაჯანსაღი სიგამხდრისკენ სწრაფვის გარდა, თანამედროვე მსოფლიოს სიმსუქნის პრობლემაც მწვავედ უდგას: უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, გლობალური მასშტაბით, სიმსუქნის მაჩვენებელი გაორმაგდა. წონის ინდექსით, განვითარებულ ქვეყნებში მოწინავე ადგილზე აშშ-ია, თუმცა მშვიდად ვერც ევროპა და ავსტრალია უნდა იყვნენ. ჭარბმა წონამ იმატა სამხრეთ ამერიკასა და აფრიკის გარკვეულ ნაწილებშიც.

ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება. თუ 80-იან წლებში მსოფლიოს მასის ინდექსის რუკაზე ნორმალური წონის ჯგუფში ვხვდებოდით, ახლა ჭარბი წონის ჯგუფში ვართ. ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა ქართველი ენდოკრინოლოგები ქვეყანაში სიმსუქნის პათოლოგიის მინიმუმ ორ-სამჯერ მატებაზე საუბრობენ.

ჭარბი წონა და, მით უმეტეს, სიმსუქნის ხარისხი, ესთეტიკურ პრობლემებთან ერთად, ჯანმრთელობასაც აყენებს ზიანს. ინფარქტი, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, სექსუალური და რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა, დისკომფორტი, რომელსაც იწვევს ჭარბთმიანობა, ოფლიანობა – ეს იმ გართულებების მცირე ჩამონათვალია, რაც ამ პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს, თუ პაციენტი ენდოკრინული გამოკვლევების ჩასატარებლად სამედიცინო დაწესებულებას დროულად არ მიმართავს.

თუმცა გამოკვლევები, როგორც წესი, საკმაო დროსა და ხარჯებს მოითხოვს. თანაც, ადამიანებს სიმსუქნის დაავადებად აღქმა უჭირთ, სანამ ის ჯანმრთელობის სხვა პრობლემებში არ გამოვლინდება. სამაგიეროდ, ბევრს ესთეტიკურ დისკომფორტს უქმნის საკუთარი ჭარბი წონა, ამიტომ, სასურველი ფორმების მისაღებად, ჯადოსნური ჯოხის ძიებას იწყებენ.

ერთ-ერთი მსგავსი სასწაულმოქმედი საშუალება სააფთიაქო დახლებზე არსებული წამლებია – გასახდომი სითხეები თუ ტაბლეტები. მართლაც, აბის გადაყლაპვა და წონაში დაკლება ბევრად მომხიბვლელი პერსპექტივაა, ვიდრე მტანჯველი დიეტა და მრავალსაათიანი ვარჯიში. მით უმეტეს, მედიკამენტის მისაღებად არც ექიმის რეკომენდაცია და არც ზედმეტი ძალისხმევაა საჭირო – ისინი მრავლად იყიდება აფთიაქებშიც და ინტერნეტითაც.

სხვადასხვა სახელწოდებისა და შეფუთვის პრეპარატი ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, ეფექტი კი გარდაუვალია. ყოველ შემთხვევაში, ანოტაციაზე ამას ამოიკითხავთ. ზოგი მათგანი ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს, ნაწილი – ცხიმების შეწოვას უშლის ხელს, სხვები კი დანაყრების შეგრძნებას იწვევს.

როგორც წესი, ასეთ წამლებს მედიცინის წარმომადგენლები სიფრთხილით ეკიდებიან და ამის მიზეზებიც აქვთ: უმეტესობა შარდმდენ და საფაღარათო ნივთიერებებს შეიცავს – გახდომასაც ეს იწვევს, თუმცა შედეგი დროებითია. აბების მიღება მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება, ხოლო შეწყვეტასთან ერთად პაციენტს დაკარგული კილოგრამები უბრუნდება – შესაძლოა, გაორმაგებულადაც. ხანგრძლივი გამოყენება კი ორგანიზმის გაუწყლოვნებას იწვევს, რაც ჯანმრთელობას ასუსტებს.

სიფრთხილეზე მეტყველებს ისიც, რომ წამლების მრავალფეროვნების მიუხედავად, ამ დრომდე FDA-ის მიერ მხოლოდ ერთი პრეპარატი – Xenical (orlistat) იყო დამტკიცებული. 72-ზე მეტი დასახელების გასახდომი საშუალება კი ჯანმრთელობისთვის საზიანო მედიკამენტთა ჩამონათვალს შორის მოხვდა – მეტიც, რამდენიმე შემთხვევაში გასახდომი ტაბლეტების მოხმარება გარდაცვალების მიზეზად დასახელდა.

გასულ კვირებში, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, FDA-მ კიდევ ერთი პრეპარატი – Belviq-ი დაამტკიცა, რომელიც კომპანია Arena Pharmaceutical-ის მიერაა წარმოებული. მისი მიღების შემდეგ პაციენტს მცირე რაოდენობის საკვების მიღების შემდეგაც დანაყრების შეგრძნება აქვს და, შესაბამისად, საჭმლის ნაკლები რაოდენობით კმაყოფილდება. ასეთი მკურნალობით სხეულის მასის 5%-ის დაკლებაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ Belviq-ი მხოლოდ იმ პაციენტთა სამკურნალოდ დამტკიცდა, რომლებსაც ჭარბი წონა ან სიმსუქნე აქვთ და, ამავდროულად, სიმსუქნესთან დაკავშირებული ერთ-ერთი დაავადება მაინც აწუხებთ. 2010 წელს ამ წამალზე უარი სიმსივნის განვითარების რისკების არსებობის მიზეზით თქვეს. დამატებით ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ეს რისკები უმნიშვნელოა. ახალი პრეპარატი ფარმაცევტულ ბაზარზე, სავარაუდოდ, 2013 წლიდან გამოჩნდება.

მანამდე, საქართველოში სხვა გასახდომი საშუალებებია პოპულარული. სააფთიაქო ქსელებში, ქსენიკალის გარდა, სულ ცოტა, ოთხი დასახელების წამალი და გასახდომი ჩაი-ყავა იყიდება. გარდა ამისა, წონაში დაკლების მსურველები, როგორც ჩანს, გამოთქმას „სილამაზე მსხვერპლს საჭიროებს” ზედმეტად სერიოზულად იღებენ და სპეციალურად გახდომისთვის განკუთვნილი საშუალებების გარდა, უფრო ექსტრემალურ მეთოდებსაც მიმართავენ. ქართველი ენდოკრინოლოგების თქმით, ზოგი წონაში დასაკლებად საფაღარათო და შარდმდენ აბებსაც სვამს. აგრეთვე, იღებენ ჰორმონულ მედიკამენტებს, რომლებიც ტოქსიკოზს (მოწამვლას) იწვევს.

ექიმები მიიჩნევენ, რომ მთავარი ჭარბი წონისა და სიმსუქნის მიზეზის დადგენაა და მკურნალობის დაწყება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, გასახდომი პრეპარატების თვითნებური მიღება კი კატეგორიულად აკრძალულია. „ისინი ზარმაცი ადამიანისთვისაა, სიმსუქნის განკურნება დროში გაწერილი პრობლემაა – ექვსი და მეტი თვე სჭირდება, ამ გზით კი ცდილობენ პრობლემა რამდენიმე დღეში მოაგვარონ, რაც შეუძლებელია”, – ამბობს ენდოკრინოლოგი მაკა კორინთელი. მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში გასახდომ პრეპარატებს თავადაც იყენებს, თუმცა მხოლოდ პაციენტის გამოკვლევის შემდეგ – სხვა შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს.

როგორც ჩანს, სწორი მოხმარების შემთხვევაში მედიკამენტების მიღებაც სასარგებლოა. მათ დაუფიქრებელ გადაყლაპვას კი შეიძლება ჰქონდეს ბევრი არცთუ სასურველი გვერდითი ეფექტი, რომლის გათვალისწინებაც ნამდვილად ღირს: მაღალი წნევა, ძილის დარღვევა, გულისრევა, ანორექსია, დიარეა და სხვა.

კომენტარები