ჯანმრთელობა

როგორ ვიცხოვროთ კვებით ალერგიასთან ერთად

ჯანმრთელობა

როგორ ვიცხოვროთ კვებით ალერგიასთან ერთად

კვებითი ალერგია არის იმუნური სისტემის რეაქცია გარკვეული საკვების მიღების შემდეგ. მსოფლიო მოსახლეობის 5 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 7-8 %-სა და მოზრდილების დაახლოებით 4%-ში გვხვდება კვებითი ალერგიის შემთხვევები. 

კვებითი ალერგიის გამოვლინება უმეტესწილად ჩვილობიდან იწყება. ყველაზე ხშირად კი, 6 თვიდან 1 წლამდე ბავშვებში. ბავშვების დაახლოებით ნახევარი კვებით ალერგიას გადალახავს, გარკვეულ ნაწილს კი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება. იშვიათია, თუმცა შესაძლებელია, რომ 40 წლის ასაკშიც შევიძინოთ კვებითი ალერგია, რომელიც აქამდე არ გვქონია.

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, ყველაზე უფრო გავრცელებულ კვებით ალერგენებს მიეკუთვნება 8 საკვები, რომელიც დიდი რვიანის სახელწოდებით არის ცნობილი: 

  • ძროხის რძე
  • კვერცხი
  • სოიო
  • ხორბალი
  • თხილი
  • არაქისი
  • თევზი
  • ზღვის პროდუქტი

უფრო ვრცლად კვებით ალერგიაზე, მის სიმპტომებსა და მკურნალობის საშუალებებზე ტაბულა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმს, მადონა დევიძეს ესაუბრა. 

- როგორ ვლინდება კვებითი ალერგიის სიმპტომები?

ექიმის თქმით, მწვავე ალერგიული რეაქციები კანზე გამოიხატება. ჩვილების შემთხვევაში ატოპიური დერმატიტის სახით შეიძლება შეგვხვდეს, ხოლო მოზრდილებში უფრო აგრესიული ანაფილაქსიური რეაქციებით - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ღებინება, დიარეა, წნევის ვარდნა.

"კვებითი ალერგიის დროს საკვების უმცირესმა რაოდენობამაც კი შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. კვებითი ალერგია ისეთი სერიოზული თემაა, რომ შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს - ეს შეიძლება იყოს ზღვის პროდუქტები, თევზეული და არაქისი". - ამბობს ექიმი. 

- რა როლს თამაშობს ძუძუთი კვება ალერგიაზე?

ალერგოლოგი აღნიშნავს, რომ ძუძუთი კვება ყოველმხრივ არის კარგი საპროფილაქტიკო ღონისძიება იმისთვის, რომ ბავშვს არ განუვითარდეს მომავალში ბევრი სხვადასხვა დაავადება, მათ შორის, კვებითი ალერგია.

"როდესაც ბავშვს ძუძუთი კვება არ აქვს და გადაჰყავთ ფორმულაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ხდება ძრიხის რძის, ცილის ადრეული შეყვანა. ეს ფორმულები შეიცავენ ცილას და შესაბამისად, ამის შემდეგ იწყება ხოლმე ალერგიული რეაქციების გამოვლინება".- ამბობს დევიძე. 

- როგორ ვუმკურნალოთ?

ექიმი ამბობს,რომ თავდაპირველად, ალერგიული პროდუქტების რაციონიდან სრულად ამოღებაა აუცილებელი. 

"როდესაც ბავშვს უდასტურდება კვებითი ალერგია, საუბარია რძეზე ან კვერცხზე, ექიმი უნიშნავს დიეტას, რომ ეს პროდუქტები საერთოდ არ უნდა მიიღოს. პარალელურად, სიმპტომების მიხედვით ალერგოლოგი უნიშნავს მკურნალობას. შემდეგ ხდება ანალიზების გადაბარება. ამ პროდუქტებს სრულად ამოვიღებთ რაციონიდან. შემდეგ ალერგიულმა რეაქციამ თუ დაიკლო, შეიძლება ამ პროდუქტების რაციონში შეყვანის ცდა და ნელ-ნელა დოზების გაზრდა". - ამბობს ექიმი. 

მისივე თქმით, თუ ვიცით რომ გვაქვს ალერგია რძეზე, არაქისის ან ზღვის პროდუქტების მიმართ, ამ შემთხვევაში ადრენალინის აუტოინექტორის გამოწერა ხდება, რომელიც გადაუდებელი დახმარების პრეპარატია და  გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების შემთხვევაში. 

"საზღვარგარეთ ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და სკოლებსაც აქვთ ადრენალინის აუტოინექტორები. ბავშვებმაც იციან, რომ სულ თან უნდა ატარონ. რა მომენტში, დაფარულად სად შეგხვდება ესა თუ ის ალერგენი, არავინ იცის. ეს არის პაციენტის განათლება და მომზადება -  რამე რომ მოხდეს, როგორ უნდა იმოქმედოს". - ამბობს მადონა დევიძე. 

Oral Food Challenge 

ალერგოლოგის თქმით, ამ მეთოდით ცდილობენ პაციენტები იმუნოთერაპიის სახით, დოზირებულად ალერგენის შეყვანით შეგუებას ამა თუ იმ საკვებთან. 

იმ დონეზე მაინც შეგუებას, რომ შემთხვევით სადმე არაქისი, ან მცირე დოზით სოუსი ან სხვა რამ შეგხვდეს და ამან არ გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები. მცირე დოზით მაინც შევძლოთ ატანა.  მოლოდინი, რომ გარკვეულ ალერგენებზე, მაგალითად, ზღვის პროდუქტებსა და არაქისზე საერთოდ განიკურნება და პაციენტი პროდუქტს ისე შეჭამს, როგორც სხვები, არ გვაქვს, მაგრამ იმუნოთერაპია იმისთვის გვჭირდება, მცირე დოზას შევეგუოთ”.- ამბობს ექიმი. 

- როგორ ვიცხოვროთ კვებით ალერგიასთან ერთად - რეკომენდაციები: 

მადონა დევიძე აღნიშნავს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გარშემო მყოფების განათლებას. მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ალერგიულ ადამიანთან.  

  • ცნობიერების ამაღლება, რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდნენ, არ მიუდგნენ მარტივად კვებით ალერგიას;
  • ოჯახშის წევრები და მეგობრები უნდა იყვნენ მობილიზებულები და არ შესთავაზონ ისეთი საკვები, რომელზეც ადამიანს ალერგია აქვს;
  • თევზეულის შემთხვევაში, სუნზეც ემართებათ ანაფილაქსია, იმდენად მგრძნობიარე აქვს ორგანიზმი და ამ შემთხვევაში უნდა იცოდეს პაციენტმა, რომ სუპერმარკეტებში, სადაც თევზეული იყიდება, არ მოხვდნენ. თავი აარიდონ;
  • პარალელურად, ალერგოლოგთან კონტაქტი და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, უფრო აქტიური ჩართვა, მკურნალობა და იმუნოთერაპიის დაგეგმვა;

"რაც ვერ იკურნება, უნდა ვიპოვოთ იმის გზები, თუ როგორ ვიცხოვროთ მასთან ერთად. ძირითადად, ეს არის - ცოდნა, პაციენტის და მისი ახლობლების ინფორმირება და საკვებისთვის თავის არიდება".- თქვა ალერგოლოგმა ტაბულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები