ძალადობა

ოჯახში ძალადობა – სისხლის სამართლის დანაშაული

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შევიდა – მას ახალი მუხლი დაემატა ოჯახური ძალადობის შესახებ.

უშუალოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლისთვის – ასეთი კი საქართველოში არცთუ ცოტაა – რეალურად არაფერი იცვლება. კანონი სისხლის სამართლის დამნაშავეებს აქამდეც სჯიდა მიუხედავად იმისა, ოჯახში ჩაიდენდნენ დანაშაულს, თუ მის გარეთ. სიახლე მხოლოდ ტერმინია – ოჯახური ძალადობა. კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ ეს საზოგადოებას შეახსენებს: მოძალადე დაისჯება როგორც სხვისი, ასევე საკუთარი მეუღლის, შვილის, დედის თუ მამის მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის გამო.

თუმცა მსხვერპლის მდგომარეობას ცვლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ძალაში 2010 წლის 1 ოქტომბერს შევიდა და არც ამ და არც სხვა ტიპის საქმეებზე კერძო და საჯარო ბრალდების საქმეებს აღარ ანსხვავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი არაა, სხეულის მსუბუქად დაზიანების შემთხვევაში, უშუალოდ დაზარალებულმა იჩივლოს – ოჯახში, ისევე როგორც მის გარეთ ძალადობის შემთხვევებში, სამართალდამცავებს გამოძიების დაწყება, მსხვერპლის ჩივილის გარეშეც შეუძლიათ.

სისხლის სამართლის კოდექსს ორი მუხლი დაემატა: ერთი ზოგად ნაწილს, ერთიც –კერძოს.

ზოგადი ნაწილის მუხლის მიხედვით, ფიზიკურ პირს, რომელიც კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ დანაშაულს ოჯახში ჩაიდენს, პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვისაც დაეკისრება. ამიერიდან, ოჯახში მომხდარ დანაშაულზე პროცესის მწარმოებლები ზოგადი ნაწილის ამ მუხლსაც მიუთითებენ (მუხლი 11’. პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის).

ამასთან, კერძო ნაწილს დამატებული ახალი მუხლი (126’) ოჯახში ძალადობის, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის ახალ შემადგენლობას განსაზღვრავს. ამ მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობად ითვლება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება – რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რომელსაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ან განზრახ მსუბუქი დაზიანება.

ოჯახის წევრებად, კანონის მიხედვით, ითვლება მეუღლე, დედა, მამა, ბაბუა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში აღირიცხა ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი, რომელშიც მონაწილეობდა 1997 ადამიანი. მოძალადე უმეტესწილად მამაკაცია. მსხვერპლი კი – ქალი.

სტატისტიკური მონაცემები სრულ სურათს რომ ვერ გადმოსცემს, ფაქტია. მონაცემების შეგროვება აქამდე მხოლოდ შემაკავებელ-დამცავი ორდერების რაოდენობის მიხედვით ხდებოდა. შემაკავებელ ორდერს კი პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ძალადობის ფაქტის დროს მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე გასცემს. ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის განხილვისას, შესაბამისი მუხლის არარსებობის გამო, არ აღირიცხებოდა, თუ უშუალოდ ვის შორის იყო ძალადობა. შესაბამისად, ეს მონაცემები ამ სტატისტიკის მიღმა რჩებოდა.

გარდა ამისა, უზუსტო სტატისტიკის მიზეზია თავად საზოგადოების დამოკიდებულებაც – ოჯახში პრობლემების არსებობის მიუხედავად, ძალადობის მსხვერპლ ქალთა უმეტესობა დახმარებისთვის პოლიციას იშვიათად მიმართავს. შესაბამისად, ძალადობის ფაქტების აღრიცხვა ვერ ხდება და ამას ოფიციალური მონაცემებიც ცხადყოფს. ასეთი შემთხვევები ძირითადად დედაქალაქში რეგისტრირდება, კვლევები (გაეროს მოსახლეობის ფონდის ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ეროვნული კვლევა; ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ ჩატარებული სამი კვლევა) კი ადასტურებს, რომ ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია რეგიონებშიც, უბრალოდ, ნაკლებად ხმაურდება.

კომენტარები