ივანიშვილი პოლიტიკაში

Le Figaro: ივანიშვილს საქართველოს ნატოსგან ჩამოშორება და რუსეთთან დაახლოება სურს

ივანიშვილი – მილიარდერი, რომელსაც საქართველოს მართვა უნდა - ამ სათაურით ფრანგული გამოცემა Le Figaro კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ „გაზპრომის“ მძლავრი აქციონერი მილიონებს ხარჯავს და ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ 2013 წლის არჩევნებში პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს.

”ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ქარიშხალივით შემოიჭრა. ივანიშვილმა, რომელიც 2005 წელს დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც სსრკ-ს დანგრევის შემდეგ ქონება მალევე დააგროვა, განაცხადა, რომ არჩევნებში „ვარდების რევოლუციის“ ლიდერს, ქარიზმატულ და პროდასავლელ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდება, და წინასაარჩევნო კამპანიის სამსახურში საკუთარი უზარმაზარი ქონება ჩართო.” - წერს Le Figaro.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუს-ქართველი ოლიგარქი, რომელსაც ფრანგული პასპორტიც აქვს, მიზნის მისაღწევად არ იშურებს საჩუქრებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს თავისი მშობლიური რაიონის მცხოვრებთათვის. სტატიის ავტორი დასძენს, რომ ქუთაისის მცხოვრებლებს „ოცნების ბარათებზე“ ისეთი სურვილების მითითება შესთავაზეს, რომლის ახდენაც 600 ევროზე მეტი არ ეღირება.

”მისი წინასაარჩევნო პროგრამაც, რომელსაც პრეტენზია აქვს „შელახული თავისუფლებების“ აღდგენასა და საქართველოს მთავრობის „ავტორიტარიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე მოსკოვისკენაა მიმართული. ივანიშვილს საქართველოს ნატოსგან ჩამოშორება და რუსეთთან დაახლოება სურს და ამას ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს.” - წერს გამოცემა.

Le Figaro - ში აგრეთვე, აღნიშნულია, რომ ამ მომენტისთვის, საზოგადოებრივი კვლევების თანახმად ივანიშვილი აგებს, თუმცა მან ახლახანს დაიწყო საკუთარი რესურსების ხარჯვა.

 

კომენტარები