Guardian-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, დიდ ბრიტანეთში მასწავლებლების თითქმის ნახევარს თავად მიაქვს საჭმელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც დილით არ საუზმობენ.
მასწავლებელთა 83% ამბობს, რომ დილით მშიერ ბავშვებს ხვდებიან, ხოლო 55%-ის თქმით, მოსწავლეთა მეოთხედი არასაკმარისად დანაყრებული მოდის სკოლაში. ამასთან, ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ასეთ ბავშვთა რიცხვი გაიზარდა - მას შემდეგ, რაც ოჯახებმა რეცესია, უმუშევრობა და შემოსავლების კლება საკუთარ თავზე იგრძნეს.
გამოკითხულები აცხადებენ, რომ შიმშილი მოსწავლეების კონცენტრაციის უნარზე, ქცევასა და დაღლილობაზე აისახება.
გამოკითხვაში 591 მასწავლებელი მონაწილეობდა. მათგან 49% ამბობს, რომ თავად მოაქვთ სკოლაში საჭმელი ბავშვებისთვის. 17%-ს კი მოსწავლეებისთვის ფული მიუცია სადილის შესაძენად. უმრავლესობის აზრით, კარგი იქნებოდა, ხელმოკლე ოჯახების შვილები სკოლაში უფასო საუზმეს იღებდნენ.
ლონდონის მერი უკვე დაკავებულია საქველმოქმედო ფონდის შექმნით: Magic Breakfast-ი დედაქალაქის ყველაზე ღარიბ რაიონებში სამი წლის მანძილზე უფასო საუზმეს დაარიგებს.
სკოლებში უფასო საუზმის შეტანას ბრიტანეთის მთავრობა ჯერჯერობით არ გეგმავს.




