ევრო 2012

ჩეხეთი 2:1 საბერძნეთი

ევრო 2012-ის მეორე წრე ჩეხეთის და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩით დაიწყო. ჩეხები საწყის ტურში რუსეთთან 1:4 განადგურდნენ, ევრო 2004-ის ტრიუმფატორმა ბერძნებმა კი ტურნირის გახსნის თამაშში მასპინძელ პოლონეთთან ფრედ ითამაშეს.

მე-3 წუთზე პეტრ ჟირაჩეკი საჯარიმოში შეიჭრა და უძლიერესად დაარტყა. ბერძენთა მეკარემ ხალკიასმა ბურთს ხელი წაჰკრა, თუმცა კარი გოლისგან ვერ იხსნა - 1:0. ჩეხეთის ნაკრების პირველი საგოლე შეტევა ტომაშ ჰუბშმანმა წამოიწყო - ჟირაჩეკი ბრწყინაველ პასით მან გაიყვანა მეკარესთან პირისპირ.

მე-6 წუთზე გებრე სელასიემ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, საჯარიმოში შესულმა კარის გასწვრივ ჩააწოდა, ხალკიასმა კვლავ ვერ შეძლო დარტყმის მოგერიება და ვაცლავ პილარმა მეტოქესთან ჭიდილში ბურთი კარში შეაგორა - 2:0. პილარმა მეორე მატჩში მეორე გოლი გაიტანა - მან რუსებთან შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი.

53-ე წუთზე თამაშის მესამე და უკანასკნელი გოლი გავიდა: გლაზგოს სელტიკის თავდამსხმელმა გიორგოს სამარასმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ჩეხების საჯარიმოში, სადაც პეტრ ჩეხი უხეშად შეცდა. მის უკან მეურვის გარეშე დარჩენილ გეკასს ბურთის ცარიელ კარში შეგორება არ გასჭირვებია - 2:1.

ამ სამი გოლი გარდა იყო კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა, თუმცა არბიტრმა თანამსაჯის ნიშანის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და საბერძნეთის ნაკრების გოლი არ ჩათვალა.

ჩეხეთის ნაკრებმა 3 ქულა მოიპოვა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად მიხალ ბილეკის გუნდმა ტურნირის თანამასპინძელი პოლონეთი აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

„თამაშის მოგება ძალიან კარგია და მიხარია, რომ პირველი ქულები მოვიპოვეთ, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ ეს ნამდვილად არაა. ძლიერი გუნდი გვყავს, ვიცით, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია, ვიდრე ჯგუფი კარგი გამოსვლაა და ამიტომ, მჯერა ბიჭები პოლონეთთან თამაშში მაქსიმუმ გაიღებენ,“ - განაცხადა ბილეკმა მატჩის შემდეგ.

საბერძნეთის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში წინა დღით ამბობდა, რომ მისი გუნდისთვის ფრე კარგი შედეგი იქნებოდა. ათენის აეკ-ის ყოფილმა თავკაცმა ჩეხებთან მარცხის შემდეგ განაცხადა: „ჩვენ არ გაგვიმართლა. საწყის წუთებში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, უამრავი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი, მაგრამ მეოთხედფინალში გასვლას მაინც ვეცდებით - შანსი ხომ გვაქვს.“

* * *

12 ივნისი, 2012. ევრო 2012 – A ჯგუფი, II ტური. ვროცლავი, მუნიციპალური 47400

ჩეხეთი 2:1 საბერძნეთი

გოლები: 1:0 პ.ჟირაჩეკი (3), 2:0 ვ.პილარი (6), 2:1 თ.გეკასი (53)

ჩეხეთი: პ.ჩეხი, თ.გებრე სელასიე, ტ.სივოკი, მ.კადლეცი, დ.ლიმბერსკი, ტ.ჰუბშმანი, ი.პლასილი, პ.ჟირაჩეკი, ტ.როსიცკი (დ.კოლარი 46, ფ.რაიტორალი 90), ვ.პილარი, მ.ბაროში (ტ.პეხარტი 64)

მწვრთნელი: მიხალ ბილეკი

საბერძნეთი: კ.ხალკიასი (მ.სიფაკისი 23), ვ.ტოროსიდისი, კ.პაპადოპულოსი, კ.კაცურანისი, ხ.ჰოლებასი, გ.ფოტაკისი (თ.გეკასი 46), ი.მანიატისი, გ.კარაგუნისი (კაპ), დ.სალპიგიდისი, გ.სამარასი, კ.ფორტუნისი (კ.მიტროღლუ 71)

მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში (პორტუგალია)

გაფრთხილება: ტ.როსიცკი, პ.ჟირაჩეკი, ვ.ტოროსიდისი, კ.პაპადოპულოსი, დ.სალპიგიდისი, დ.კოლარი

მსაჯები: ს.ლანუა (საფრანგეთი); ფ.კანო (საფრანგეთი), მ.ანონიე (საფრანგეთი)

კომენტარები