სამარშრუტო ტაქსები

მიკროავტობუსებში რადიო სიგნალი გაითიშება

დღეს, კომპანია თბილისის მიკროავტობუსმა  გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად  ახალ, ყვითელ მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალები გაითიშება. 
ამის მიზეზი სარეკლამო მომსახურების შესახებ ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებაა. კონტრაქტის თანახმად, სარეკლამო კომპანია ვალდებულია მიკროავტობუსებზე გარე რეკლამა განათავსოს. სამარშრუტო ტაქსების სალონში კი მონიტორები უნდა დამონტაჟდეს, სადაც ხმოვანი სარეკლამო რგოლები განთავსდება. 
"აღმოჩნდა, რომ ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას სამარშრუტო ტაქსებში გამოყენებული რადიოსაშუალებები ხელს უშლის.... პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი გახდა მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გათიშვა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 
ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა რამდენიმე რადიომაუწყებელი. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში, კომპანია მაესტროს დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა სამარშრუტო ტაქსებში რადიოს გათიშვის გადაწყვეტილება "ფაშისტური გერმანიის იდეოლოგიად" შეაფასა. 
ინტერპრესნიუსის ცნობით, კომპანია თბილისის მიკროავტობუსის გადაწყვეტილებას მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის მცდელობად აფასებს რადიო პალიტრის გენერალური დირექტორი  ნინო ქვარიანიც. თუმცა, იქვე ამატებს, რომ  "ეს არის კერძო კომპანიის გადასაწყვეტი, თუ ის თვლის, რომ ეს მარკეტინგულად და ფინანსურად, ბიზნეს თვალსაზრისით მომგებიანია, ჩვენ არ გვაქვს უფლება ავუკრძალოთ, თუმცა ჩვენთვის, როგორც რადიო მაუწყებლისთვის არ არის სასიამოვნო ფაქტი". 
განსხვავებულია რადიო იმედის გენერალური დირექტორის ნინო გაბრიაძის მიდგომა. სააგენტოსთან საუბარში, იგი აცხადებს, რომ  თბილისის მიკროავტობუსის გადაწყვეტილებაში ტრაგედიას ვერ ხედავს: "ისევე, როგორც მე, როგორც ხელმძღვანელს, ვერავინ მიკარნახებს როგორ მოვიქცე, ისე მე ვერ ვუკარნახებ ვერავის. ეს ჩვეულებრივი ბიზნესის კანონებია, რომელსაც ყველა უნდა დავემორჩილოთ". 

კომენტარები