სამარშრუტო ტაქსები

რუსთავში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ. ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-რუსთავის მიმართულებით პარალიზებულია. სამარშრუტო ტაქსები არც ქალაქის შიგნით მოძრაობენ. მძღოლები იმ კონკურსის გადავადებას მოითხოვენ, რომლითაც გამარჯვებული კომპანია უნდა გამოვლინდეს. ისინი ახალი სამარშრუტო ტაქსების შესაძლო შემოყვანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოსვლის შემდეგ, ისინი სამსახურს დაკარგავენ. 

რუსთავის მერი დავით ჯიქია მძღოლების გაფიცვას საკონკურსო კომისიის მიერ შექმნილ ახალ რეგულაციებს უკავშირებს. მისი თქმით, მძღოლებმა საბოტაჟი მოაწყვეს. მერის განცხადებით, შიდასაქალაქო და რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებისთვის წესები და რეგულაციები საკონკურსო კომისიამ შეიმუშავა. News.ge-ს ინფორმაციით, რუსთავის მერმა განმარტა, რომ წესებში ჩაიდო ვალდებულება - თუ კონკურსი გამოცხადდება, ყველა არსებული მძღოლი უნდა დასაქმდეს. ამასთან, მეორე ვალდებულების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ტრანსპორტის ღირებულება არ უნდა გაზარდოს, თუ არ მოხდა ინფლაცია. 

"მძღოლები გარკვეულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან. პირდაპირ ამბობენ, წესები ნორმალურია, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ მიუღებელიაო. ითხოვენ, რომ ეს წესი არ დამტკიცებულიყო და 5-6 წლის განმავლობაში არსებული ხელშეკრულებით გაგრძელებოდათ უფლებამოსილებები და ვალდებულებები", - ამბობს ჯიქია News.ge-სთან საუბარში.

რუსთავის მერი აცხადებს, რომ მძღოლებმა საბოტაჟის მოწყობით კანონმდებლობა დაარღვიეს.

"მათ დაარღვიეს ყველა არსებული კანონმდებლობა და რეგულაცია. როდესაც ქალაქში ცხადდება ტრანსპორტის გაჩერება, მინიმუმ, ხუთი დღით ადრე უნდა შეგვატყობინონ, რომ ისინი ტრანსპორტს აჩერებენ. მათ საბოტაჟი განახორციელეს ქალაქში. წერილი მოგვწერეს 2 დღის წინ, რომ ხუთ დღეში ექნებოდათ საპროტესტო აქცია და არა პარალიზება. მათ კი ორშაბათს, მთელი ქალაქის პარალიზება მოახდინეს. გაფიცულებთან მერიის წარმომადგენელი მივიდა, მაგრამ მათ საუბარი არ სურთ", - ამბობს ჯიქია.

კომენტარები