საქართველო-რუსეთი

რუსეთი: აშშ-ში 2008 წელს კავკასიაში განვითარებული მოვლენების მაგალითზე გაკვეთილი ვერ ისწავლეს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

”შეერთებულ შტატებში 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული მოვლენების მაგალითზე გაკვეთილი ვერ ისწავლეს.” - ნათქვამია ალექსანდრ ლუკაშევიჩის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ კომენტარში.

”აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ აქტიურმა ჩარევამ, ნატოში საქართველოს გაერთიანების შესახებ გაკეთებულმა ცნობილმა დაპირებებმა და სამხედრო შეიარაღებით  მასობრივმა მომარაგებამ მიხელ სააკაშვილს სრულუფლებიანობისა და დაუსჯელობის კომპლექსი ჩამოუყალიბა. სწორედ ამან უბიძგა მას სამხრეთ ოსეთში განხორცილებული დანაშაულებრივი ავანტიურისაკენ. შედეგად კი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაიღუპნენ რუსი სამშვიდობოები. მოგვიწია, აგრესორისათვის წინააღმდეგობა გაგვეწია.” - განმარტავენ ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

”დღეს იგივე მეორდება. მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატები კვლავ აგრძელებენ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას, სიტყვასიტყვით იმეორებენ მის თეზისებს ”რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს” შესახებ. ვაშინგტონში ბოლომდე ვერ აცნობიერებენ პასუხისმგებლობას.” - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოხატა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. კლინტონმა აგრეთვე, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მისი განმარტებით, საუბარია საქართველოს თავდაცვის რეფორმებში მხარდაჭერაზე, ქართული ჯარის მოდერნიზაციაზე, ტრენინგებსა და აღჭურვაზე.

 

კომენტარები