პალესტინა

ისრაელმა პალესტინას 91 დაღუპული მოქალაქე გადასცა

ოფიციალურმა ისრაელმა პალესტინის მთავრობას 91 პალესტინელის სხეულის ნაწილები გადასცა.

პალესტინის მოქალაქეები ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტებისას ან ქვეყნის სამხედრო ძალებზე თავდასხმისას დაიღუპნენ. აღნიშნული სხეულის ნაწილები იმ პალესტინელებს ეკუთვნით, რომლებმაც ისრაელის წინააღმდეგ სხვადასხვა ოპერაციები 1975 წლიდან მოყოლებული დღემდე განახორციელეს.

ისრაელის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ჟესტით მათ კეთილი ნება გამოიჩინეს.

91 პალესტინელის სხეულის ნაწილები ქვეყნის ადმინისტრაციულ ცენტრში, რამალუში დაასვენეს. პალესტინის ხელისუფლება და მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ისრაელში სხვადასხვა დროს დაღუპულმა ადამიანებმა თავი სამშობლოს თავისუფლებისათვის გასწირეს.

ისრაელში დაღუპული პალესტინის მოქალაქეების სხეულის ნაწილების სამშობლოში დაბრუნება ისრაელის საპატიმროებში მყოფი ასობით პალესტინელის მოთხოვნას წარმოადგენდა. ისინი აღნიშნული საკითხის მოგვარებას მათ მიერ დაწყებული შიმშილობის შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად ასახელებდნენ.

კომენტარები