ავიაკატასტროფა

ინდონეზიაში რუსული თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს

ინდონეზიაში გუშინ რადარებიდან გამქრალი რუსული თვითმფრინავის Sukhoi Superjet-100 ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

ლაინერის ნაწილები სამაშველო ჯგუფმა კუნძულ იავას დასავლეთით მდებარე ერთ–ერთი მთის ფერდობზე, 1650 მეტრის სიმაღლეზე იპოვა.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ავიაკატასტროფის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი რომელიმე მგზავრის მიგნება.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 50–მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 8 რუსეთის მოქალაქე, ორი იტალიელი, ფრანგი, ამერიკელი, დანარჩენი კი ინდონეზიელები.

Superjet-100 საჩვენებელ ფრენას ჯაკარტაში აზიის ტურნეს ფარგლებში ახორციელებდა. ფრენები იგეგმებოდა აგრეთვე, ვიეტნამში, პაკისტანში, ლაოსსა და მიანმარში.

Sukhoi Superjet-100 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში შექმნილი პირველი სამგზავრო ავიალაინერია.

 

კომენტარები