ისრაელის პრემიერ - მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის დათხოვნასა და მომავალი წლის ნაცვლად, არჩევნების წელს ჩატარებას ითვალისწინებს.
ნეთანიაჰუ არჩევნების ზუსტ თარიღს კვირას გამოაცხადებს, თუმცა, მედიაში სავარაუდო თარიღად სექტემბრის დასაწყისს ასახელებენ. ისრაელის პოლიტიკური ლიდერების საარჩევნო კამპანიაზე გადართვა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ირანზე თავდასხმა სექტემბრამდე მოსალოდნელი არ არის.
ისრაელის ოფიციალურ წრეებში ირანზე თავდასხმას წელს ან მომავალი წლის დასაწყისში ვარაუდობენ. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა თავის ერთერთ ბოლო განცხადებაში, თქვა, რომ ისრაელი და დასავლეთი საკუთარ თავს უფლებას ვეღარ მისცემენ ირანის მხრიდან დიპლომატიური თამაშით გასულელდნენ.
ისრაელის მოქალაქეების უმრავლესობა ( 62%) ვადამდელი არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს. მიუხედავად ამისა, ნეთანიაჰუს ამ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები არ ყავს, პარლამენტის წევრებიც კი, ვისთვისაც არჩევნების თარიღის გადმოწევა პოლიტიკურად წამგებიანია, პრემიერ - მინისტრის ინიციატივას არ აპროტესტებენ.




