მხატვრობა

მუნკის ნახატი სოთბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ედუარდ  მუნკის  ნახატი  „კივილი“ ნიუ–იორკში გამართულ სოთბის აუქციონზე რეკორდულ თანხად – 120 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ნორვეგიელი ექსპრესიონისტის მიერ 1895 წელს შექმნილი სურათის მფლობელი უცნობი პიროვნება გახდა, რომელიც აუქციონში მონაწილეობას ტელეფონის საშუალებით იღებდა. სურათის საწყის ფასს 80 მილიონი დოლარი წარმოადგენდა.

აუქციონზე ნამუშევარი ნორვეგიელმა ბიზნესმენმა პიტერ ოლსენმა გაიტანა. მუნკის მიერ „კივილის“ თემაზე შექმნილი ოთხი ნახატიდან აღნიშნული ვერსია ერთადერთია, რომელიც კერძო პირის მფლობელობაში იმყოფებოდა.

ექსპერტების შეფასებით, პასტელში შესრულებული „კივილი“ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში მცხოვრები  ადამიანის შიშსა და აღელვებას ასახავს. რეკორდულ ფასად გაყიდულ სურათზე სასოწარკვეთილი ადამიანის ფიგურა დაისის ფონზეა გამოსახული.

ნახატს წარწერა აქვს დართული, რომელიც თავად მუნკის მიერაა შესრულებული – „ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი უკან დავჩი, კანკალმა ამიტანა და სწორედ მაშინ ვიგრძენი ბუნების ყვირილი.“ – ასე ახსნა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუშის შემქმნელმა თავისი ნაწარმოების სიუჟეტი.

„კივილის“ ყოფილი მფლობელის განცხადებით, სურათში აღებული თანხით იგი ნორვეგიაში მუზეუმის, ხელოვნების ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

კომენტარები