ვერსალში ჩატარებულ აუქციონზე ფლამანდიელი ფერმწერის, პეტერ პაულ რუბენსის, საუკუნეების განმავლობაში დაკარგულად მიჩნეული იესოს ჯვარცმის ფერწერა $2.7 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ტილო, მისი შექმნიდან დაახლოებით 400 წლის შემდეგ, პარიზის ერთ-ერთ კერძო სახლში აღმოაჩინეს.
სპეციალისტებმა ნამუშევრის ავთენტურობა დეტალური მიკროსკოპულ-ქიმიური ანალიზით დაადასტურეს. მათი თქმით, აღმოჩენილი პიგმენტები, განსაკუთრებით ლურჯი და მწვანე ტონები, სრულად ემთხვევა რუბენსის ხელწერას.
ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ეს იშვიათი ნამუშევარია, რადგან ქრისტე აქ მარტო, მუქ ფონზეა გამოსახული და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა რუბენსი იესოს ჭრილობიდან სისხლისა და წყლის გადმოსვლას ერთდროულად ასახავს.
ხელოვნებამცოდნეთა ვარაუდით, ტილო XVII საუკუნეში დაიკარგა და მოგვიანებით XIX საუკუნის ფრანგი მხატვრის, უილიამ ბუგეროს ოჯახში აღმოჩნდა, სადაც თაობების განმავლობაში ინახებოდა. ნამუშევრის გამყიდველი კი ამტკიცებს, რომ ტილო აუქციონიდან მოხსნილი იყო და ახლა მის დაბრუნებას სასამართლოში ითხოვს.





