წიგნის დღე

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე

აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ორიგინალურად აღნიშნა და „თიბისი ბანკთან“ ერთად განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებში ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატებმა, ერთი დღით, ბიბლიოთეკარის ფუნქცია შეითავსეს.

ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული აქცია 13:00 საათიდან დაიწყო. მწერლები, „საბას“ გამარჯვებულები: გივი ალხაზიშვილი, დიანა ამფიმიადი, თეონა დოლენჯაშვილი, გიორგი კეკელიძე, ბესო ხვედელიძე, მაკა მიქელაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ლევან ბრეგაძე, ზურა ქარუმიძე, თამრი ფხაკაძე ქართველოლოგიისა და სამოქალაქო განათლების სამკითხველო, ასევე, ბიბლიოგრაფიის დარბაზებში და რეგისტრატურაში გადანაწილდნენ და ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისულ მკითხველს თავად მოემსახურნენ.

„თიბისი ბანკთან“ ერთად განხორციელებული ინიციატივა ერთადერთი ღონოსძიება არ იყო, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მკითხველს 23 აპრილს შესთავაზა. მაგალითად, 16:30 საათზე, საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ექსპოზიცია, სადაც ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემები გამოიფინა. მათ შორის გამორჩეული აღმოჩნდა რამდენიმე ქართულ და უცხოურ ენებზე დაბეჭდილი უიშვიათესი ექსპონატი.

ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღის მნიშვნელოვანი ღონისძიება მაინც ასტრიდ ლინდგრენისა და დუბლინის ლიტერატურულ პრემიებზე წარდგენილი ქართველი ავტორების დასახელება იყო. მათი ვინაობა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძემ გაამხილა. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჟიურის გადაწყვეტილებით, ასტრილ ლინდგრენის პრემიაზე წარადგენენ თეა თოფურიას (საბავშვო მწერალი) და სანდრო ასათიანს (საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი), ხოლო დუბლინის საერთაშორისო პრემიაზე - ზურაბ ქარუმიძეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი ავტორი 43 კანდიდატიდან შეირჩა (აღნიშნულ თემაზე მომზადებული ინტერვიუ, სახელწოდებით „ლიტერატურული გამოწვევა“, შეგიძლიათ წაიკითხოთ „ტაბულას“ ვებ-გვერდზე http://www.tabula.ge/article-21429.html).

ამავე დღეს, 17:00 საათზე, ოფიციალურად გაიხსნა საბიბლიოთეკო კვირეული და ეროვნული ბიბლიოთეკა, მის სამკითხველო თუ საგამოფენო დარბაზებში ორგანიზებული ღონისძიებებით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მთელი დღით მოექცა.

 

კომენტარები