თბილისი

Google Earth - ზე თბილისის შენობების 3D სურათები განთავსდება

მალე Google Earth -ზე თბილისში მდებარე სხვადასხვა შენობების სამგანზომილებიანი ფორმატის სურათები განთავსდება, აგრეთვე, სხვადასხვა ადგილმდებარეობის ქუჩებისა და მოედნების პანორამებიც.

საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა საზოგადოებას აღნიშნულ სისტემაში აღმაშენებლის გამზირის პანორამულ გალერეაზე მუშაობის შედეგები წარუდგინა. მისი განცხადებით, Google Earth - ზე დედაქალაქის ფოტოგალერეის  განსათავსებლად საჯარო რეესტრის სპეციალური ჯგუფი დაახლოებით ერთი თვეა თბილისის მასშტაბით პანორამულ გადაღებებს აწარმოებს.

Commersant.ge-ს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მუშაობა თბილისის რეაბილიტირებული ნაწილის პანორამულ გალერეაზე მიმდინარეობს. ეტაპობრივად Google Earth - ზე ქალაქის ცენტრალური ქუჩებისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების პანორამული  გალერეაც განთავსდება.

Commersant.ge-ს  ცნობით,  საჯარო რეესტრში აღნიშნავენ,  რომ მსოფლიოში პოპულარულ Google Earth-ის სისტემაში 3D გამოსახულებების განთავსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის. რეესტრის წარმომადგენლების განცხადებით, Google Earth-ზე საქართველოს სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების  ფოტოებიც ანალოგიურ ფორმატში განთავსდება.

Google Earth  კომპანია Google - ს პროექტია, რომლის ფარგლებში, ინტერნეტში  დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტური ფოტოსურათები განთავსდა. 

კომენტარები