გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მუდმივი წარმომადგენლების მეუღლეებმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მეუღლეს თხოვნით მიმართეს. ქალბატონები, რომლებმაც მიმართვა ვიდეორგოლის საშუალებით განახორციელეს, ასმა ასადს მოუწოდებენ, დაარწმუნოს სირიის პირველი პირი, შეწყვიტოს სისხლისღვრა ქვეყანაში.
ოთხწუთიან ვიდეოში, რომელიც YouTube-ზეა განთავსებული, ბრიტანელი დიპლომატის, შეილ ლიალ გრანტის და გერმანელი დესპანის, ჰუბერტ ფონ ფოს- ვიტინგის მეუღლეები ასმა ასადს თხოვნით მიმართავენ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩაერთოს.
„საკუთარი ქვეყნისათვის. შეაჩერე მეუღლე.“ - ნათქვამია მიმართვაში.
ასადის მეუღლეს, წარმოშობით სირიელს, ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს. იგი ლონდონშია დაბადებული და განათლება დასავლეთში აქვს მიღებული. ბევრი ელოდა, რომ ასმა შეძლებდა, მეუღლესათვის ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებისაკენ მოეწოდებინა.
ასმა ასადმა თებერვალში ბრიტანულ Times - ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, თუ რატომ მიიჩნევს თავის მეუღლეს შესაფერის კანდიდატად სირიის მმართველის რანგში.



