ბრიუსელი

ნატოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება

ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, ბრიუსელში, 2 დღიან შეხვედარზე იკრიბებიან. მათ ავღანეთთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ. შეხვედრა მიიჩნევა მაისის ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელ შეხვედრად. 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ ავსტრალია საკუთარ კონტიგენტს ავღანეთიდან დათქმულ ვადაზე ადრე -2013 წლის მიწურულამდე გაიყვანს.

თალიბი მეამბოხეების მიერ ამ დღეებში განხორციელებულმა მასშტაბურმა იერიშმა გამოიწვია სერიოზული შეშფოთება იმასთან დააკვშირებით თუ რამდენად შეძლებენ ავღანეთის სამთავრობო ძალები ვითარების  გაკონტროლებას - უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების გასვლის შემდეგ. როგორც BBC იუწყება, ნატოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში განიხილავენ 2014 წლის შემდეგ ავღანეთის არმიისა და პოლიციის დაფინანსების საკითხს. მოსალოდნელია, რომ აშშ საერთაშორისო პარტნიორებს შესთავაზებს საკუთარ თავზე აიღონ იმ ხარჯების 25 პროცენტი, რომელიც საჭირო იქნება ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად. ვაშინგტონის სურვილია მოკავშირეებმა გამოყონ წელიწადში მილიარდი დოლარი, თავად კი მზადაა ავღანეთის არმიას და პოლიციას წლიურად 3 მილიარდი დოლარის ფარგლებში დაეხმაროს.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ მის მთავრობას წლიურად 2 მილიარდი დასჭირდება. ქაბულში გამოსვლისას კარზაიმ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა განსაზღვროს რამდენს გადაუხდის ის ავღანეთს.

როგორც გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, 17-18 აპრილს ბრიუსელის ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ISAF-ის  ოპერაციაში ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც, რომელსაც დაესწრება საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით.

 

კომენტარები